ახალი ამბები

პარლამენტთან “ლელოს” აქციაზე დააკავეს ირაკლი კუპრაძე, საბა ბუაძე და სხვები — პარტია

19 თებერვალი, 2021 • 897
პარლამენტთან “ლელოს” აქციაზე დააკავეს ირაკლი კუპრაძე, საბა ბუაძე და სხვები — პარტია

პარლამენტთან პარტია “ლელოს” წარმომადგენლები აქციას მართავდნენ, რა დროსაც, შსს-ს ცნობით, 5 მათგანი დააკავეს. პარტიის წევრთა ინფორმაციით,  მათ შორის არიან ირაკლი კუპრაძე და საბა ბუაძე.

“ლელოს” წევრის, გრიგოლ გეგელიას თქმით, ისინი საკანონდებლო ორგანოს შენობასთან “ქართული ოცნების” მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. მისი განცხადებით, პოლიცია პროცესში მას შემდეგ ჩაერია, რაც შეკრებილებმა პარლამენტთან წარწერის გაკეთება სცადეს.

“ღარიბაშვილი არის პირდაპირი გამოხატულება იმის, რომ “ოცნება” არაფრის გადატვირთვას არ აპირებს და არ აპირებს, რომ პროცესები მოაქციოს კონსტრუქციულ ჩარჩოში”, — უთხრა გეგელიამ “ფორმულას”.

როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, ყველა დაკავებულს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

პარლამენტთან ხმაური იყო “ლელოს” აქციამდე რამდენიმე საათით ადრეც: ადგილზე მოძრაობის “საქართველოსთვის” წარმომადგენლები და სხვები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და 20 ადამიანი დააკავა. ყველა მათგანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი