ახალი ამბები

“ჩნდება კითხვები შერჩევით სამართალზე” – ლიეტუვის საგარეო მელიაზე

18 თებერვალი, 2021 • 749
“ჩნდება კითხვები შერჩევით სამართალზე” – ლიეტუვის საგარეო მელიაზე

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყება ამბობს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია შეშფოთებას იწვევს.

„პარლამენტის გადაწყვეტილება – გააუქმოს მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას სამართლებრივი იმუნიტეტი და მისი დაკავების შესაძლებლობა, ამცირებს დიალოგის შანსს მმართვლ პარტიასა და ოპოზიციას შორის, აჩენს კითხვებს შერჩევით სამართალზე და ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყნის საგარეო უწყება მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა არ ისარგებლეს შესაძლებლობით და არ მოაგვარეს ის წინააღმდეგობები, რომლებიც შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, თავი შეიკავონ იმ ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, უბიძგონ შემდგომი ჩიხის წარმოშობისა და საზოგადოების დაყოფისკენ, ასევე, არ დაუშვან მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესაძლებლობა.

სიტუაციის მომავალი ესკალაცია მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს ქვეყნის პერსპექტივებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია ხალხის სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილებები, როგორც ბოლოდროინდელი გამოწვევების გათვალისწინებით, ასევე ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმებით იმპლემენტაციის მხრივ“, – ვკითხულობთ ოფიციალურ წერილს. 


17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მელია და ოპოზიციის ლიდერები ენმ-ს სათაო ოფისში შეიკრიბნენ. და ამბობდნენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ.

დღეს, 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს-მ თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო მელიას დაკავების ღონისძიება გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი