ახალი ამბები

მელია არ არის ესმერალდა და ამდენი კვაზიმოდო არ სჭირდება მის დაცვას – სუბარი

18 თებერვალი, 2021 • 1307
მელია არ არის ესმერალდა და ამდენი კვაზიმოდო არ სჭირდება მის დაცვას – სუბარი

“ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი არ არის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, არც ნიკა მელია არ არის ესმერალდა და ეს ამდენი კვაზიმოდო არაფერში არ სჭირდება მის დაცვას”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი სოზარ სუბარი ენმ-ის ოფისში ნიკა მელიას მხარდასაჭერად ოპოზიციის ლიდერების მისვლას.

როგორც სუბარი ამბობს, გაუგებარია, რას აპირებს ენმ-ის ცენტრალურ ოფისში შეკრებილი ოპოზიცია. მისი თქმით, კანონს წინ ვერავინ ვერ აღუდგება.

“კანონი ასრულდება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, და ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება მას. თუ ვინმე ზედმეტს იზამს, შესაბამისად კანონი მათ მიმართაც ზუსტად ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი მოქალაქის მიმართ”, — განაცხადა სუბარმა “პალიტრანიუსის” ეთერში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრობის” ლიდერ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების — გირაოს — დამძიმებას და პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი მელიას აღკვეთის ღონიძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეკრებილნი არიან პარტიის ლიდერები და მხარდაჭერები, რომლებიც აცხადებენ, რომ “ფიზიკურად დაიცავენ ნიკა მელიას” და პოლიციას არ მისცემენ მისი დაკავების საშუალებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი