ახალი ამბები

“ბილწსიტყვაობისთვის ყურის შეჩვევა სერიალებით დაიწყო” – კობახიძე

17 თებერვალი, 2021 • 985
“ბილწსიტყვაობისთვის ყურის შეჩვევა სერიალებით დაიწყო” – კობახიძე

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, ეკლესიას და სახელმწიფოს ერთი პოლიტიკური ძალა უტევს.

კობახიძემ “იმედის ფაქტორში” ისაუბრა იმის შესახებ, რომ ოპოზიცია ებრძვის ეროვნული იდენტობის სამ საყრდენს — მამულს, ენას და სარწმუნოებას.

“მამულს რაც შეეხება, პირდაპირი გაგებით მიწაზე რომ ვისაუბროთ, ბევრ რამეში გამოიხატა უდიერი დამოკიდებულება ქართული მიწისადმი. ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და მათ გადასცეს რუსეთს, ასევე, იცით, რა მოხდა დავითგარეჯთან დაკავშირებით, არის სწორედ მამულისადმი უდიერი დამოკიდებულების შედეგი.

რაც შეეხება ქართულ ენას… ბილწსიტყვაობა არ არის მხოლოდ ადამიანის სიავის გამოვლინება, არამედ მიზანმიმართული პოლიტიკა. თუ დააკვირდებით, პოლიტიკური ბილწიტყვაობით არ დაწყებულა ის პროცესი, რომელსაც პარტიულ ტელევიზიებში ვხედავთ. თავიდან დაიწყო სხვა რამით, მაგალითად, სერიალებით და ა.შ. იქ ხდებოდა ყურის შეჩვევა ბილწსიტყვაობისთვის. აქაც ჩანს, რომ კონკრეტული ელემენტი ჩვენი ეროვნული იდენტობის არ მოსწონს და არ სიამოვნებს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და ისინი მიზანმიმართულად სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, პირველ რიგში, ბილწსიტყვაობით აჩვევენ ყურს იმას, რომ შეიძლება შენ საკუთარი ქართული ენა შეურაცხყო.

სარწმუნოება არის ამ ეტაპზე ყველაზე მტკივნეული, განსაკუთრებით იმ ფორმების გათვალისწინებით, რასაც ეს პოლიტიკური ძალა და პარტიული ტელევიზიები იყენებენ. უხეში ფორმით ხდება როგორც ეკლესიის, ასევე, მისი წინამძღოლის შეურცხყოფა და ამან შეიძინა აბსოლუტურად მიუღებელი სახე”, – განაცხადა კობახიძემ

მან  დღეს განვითარებული პროცესები გასული საუკუნის დასაწყისში ბოლშევიკების მიერ ქართულ ეროვნულ იდენტობასთან ბრძოლას შეადარა.

“ზუსტად იგივე ხდება და ამ ყველაფერს აქვს ზუსტად იგივე მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ ესენი არიან უსამშობლო ხალხი, რომლებსაც არ უყვართ საკუთარი სამშობლო და უპირისპირდებიან ყველაფერს, რაც დაკავშირებულია სამშობლოს ფენომენთან… ეს არის მათი მენტალიტეტის პრობლემა. ბოლშევიკების შემთხვევაშიც პრობლემა იყო სწორედ მენტალიტეტში. მათ თითქოს რაღაც ახალი გაითავისეს, ისიც ვერ გაითავისეს და საკუთარი სამშობლო დაკარგეს. იცით, ქართველი კლასიკოსის ცნობილი ლექსი “ღამურა” არის მიძღვნილი ამ ფენომენისადმი. სწორედ ღამურები არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს ებრძვიან სამშობლოს, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს. ეს არის ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ეს პროცესი აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ადგილი უნდა ჰქონდეს მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც უყვართ საკუთარი სამშობლო”, – განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი