ახალი ამბები

“ბირჟა მაფიის” საქმეზე პროკურატურამ ქებურიას 36 815 ლარი უნდა გადაუხადოს

17 თებერვალი, 2021 • 915
“ბირჟა მაფიის” საქმეზე პროკურატურამ ქებურიას 36 815 ლარი უნდა გადაუხადოს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გენერალურ პროკურატურას დააკისრა “ბირჟა მაფიის” საქმეზე გიორგი ქებურიას უკანონო დაკავების, უკანონო პატიმრობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო მორალური და მატერიალური ზიანის სახით 36 815 ლარის გადახდა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ავრცელებს, რომელიც აღნიშნულ საქმეზე ქებურიას ინტერესებს იცავდა.

“ბირჟა მაფიის” წევრები 2017 წლის 7 ივნისს ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურა გიორგი ქებურიას ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას. 2017 წლის 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ქებურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რაც მალევე სააპელაციო სასამართლომ 20 000- ლარიანი გირაოთი შეცვალა.

ორგანიზაციის განცხადებით,საგულისხმოა, რომ გიორგი ქებურიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2017 წლის 15 დეკემბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე შეწყდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გიორგი ქებურიას ქმედებაში არ არსებობდა ბრალდების სახით წარდგენილი დანაშაულის სისხლის სამართლის კანონით გათვალისიწინებული ნიშნები.

GDI-ს თქმით, პროკურატურის ამ დადგენილებას წინ უსწრებდა იმდროინდელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა, მათ შორის, მინისტრების განცხადებები, რომლებიც „ბირჟა მაფიის“ შემოქმედებას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებდნენ:

“საქმის კონტექსტის, წარდგენილი ბრალდების სიმძიმისა და იმ უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით, რომელიც გიორგი ქებურიას უკანონო დაკავებით, პატიმრობითა და მის წინააღმდეგ წარმოებულ უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნით მიადგა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია და როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღურების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი