ახალი ამბები

პროკურატურამ მიშკა მგალობლიშვილის მიმართაც შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა

18 დეკემბერი, 2017 • 1959
პროკურატურამ მიშკა მგალობლიშვილის მიმართაც შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა

მთავარი პროკურატურის განცხადებით,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა/შენახვაში  ბრალდებული “ბირჟა მაფიის” წევრების, გიორგი ქებურიასა და მიშკა მგალობლიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტეს.

პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიების შედეგად ვერ მოიპოვეს ქებურიასა და მგალობლიშვილის ბრალდების დამადასტურებელი ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, შესბამისად, საქმე შეწყდა.

Birja Mafia-ს წევრები და მათი მხარდამჭერები, დაკავებას ცოტა ხნით ადრე ინტერნეტში გამოქვეყნებულ მუსიკალურ კლიპს უკავშირებდნენ, სადაც პოლიციელია გაშარჟებული. წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ გიორგი ქებურიამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მიიღეს მისგან იძულებით აღიარებითი ჩვენება სამართალდამცველებმა, თითქოს ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა. რეპერი განმარტავდა, რომ მის მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, ქებურია და მგალობლიშვილი პროკურატურაში უჩივიან იმ პოლიელებს, რომლებმაც ისინი დააკავეს, და ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებენ.

“სამართალდამცველებმა გ.ქ. და მ.მ. 2017 წლის 7 ივნისს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვის ფაქტზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ და ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რაც 2017 წლის 12 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით შეეცვალათ გირაოთი.

2017 წლის 11 ივნისს გ.ქ-ს, ისე მ.მ-ს ბრალდების საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს პროკურატურას, საქმეზე არსებობდა ბრალის წარდგენისთვის დადგენილი სტანდარტი, თუმცა  სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების შედეგად ვერ იქნა მოპოვებული გ.ქ-ს და მ.მ-ს ბრალდების დამადასტურებელი ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით  საკმარისი იქნებოდა კანონმდებლობით განაჩენისთვის დადგენილი სტანდარტისთვის, რის გამოც გ.ქ-ს და მ.მ-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო,”- აცხადებს პროკურატურა.

პრპკურატურა ასევე აცხადებს, რომ შსს-ს თაანამშრომლების მიმართ უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულების ფალსიფიკაციის მუხლებით გამოძიება მიმდინარეობს”

“პარალელურად, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება გ.ქ-ს და მ.მ-ს მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების  და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369′ მუხლის მესამე ნაწილითა და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მიღებული შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას”

მასალების გადაბეჭდვის წესი