ახალი ამბები

ხვალიდან შსს-ს მომსახურების სააგენტოში ყველა სახის სერვისი განახლდება

16 თებერვალი, 2021 • 894
ხვალიდან შსს-ს მომსახურების სააგენტოში ყველა სახის სერვისი განახლდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ხვალიდან, 17 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება.

უწყების ცნობით, ხვალიდან შესაძლებელი იქნება მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლა. მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, 16 თებერვალს, 24:00 საათიდან ელექტრონულად დაჯავშნონ თეორიული გამოცდის რიგი.

ასევე, სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. დაინტერესებული პირები შეძლებენ იარაღის რეგისტრაციის ნებართვის გამოცდის ჩაბარებას.

სერვისების მიწოდება განახლდება თბილისში, ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე მომსახურების ცენტრში, ახალქალაქისა და ამბროლაურის სტრუქტურულ ერთეულებში.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელი იქნება ადგილზე, მომსახურების ცენტრებში, ასევე ელექტრონული წესით, მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე დამზადებული დოკუმენტები გაიცემა შევსებისას მითითებულ სტრუქტრულ ერთეულში.

მასალების გადაბეჭდვის წესი