ახალი ამბები

მართვის მოწმობის მისაღები გამოცდები დროებით უქმდება

18 მარტი, 2020 • 3706
მართვის მოწმობის მისაღები გამოცდები დროებით უქმდება

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების შესაბამისად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 20 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აუქმებს.

ახალი რეგულაციების თანახმად, საქართველოს მასშტაბით მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში უქმდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.

მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე ფილიალში, რიგის დაჯავშნის გარეშე;

იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

ასევე უქმდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობებს, ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge), დამზადებული დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ ფილიალში. ხოლო სხვა ცნობების მისაღებად, განაცხადის შევსება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ფილიალებში.

შსს-ს ცნობით, 20 მარტიდან მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტის და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად.

ასევე, დროებით ვერ მოხდება ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრების მიერ მომსახურების გაწევა.

ამასთან, შსს კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავენ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში თავი შეიკავონ გარეშე პირების თანხლებისგან.

ასევე, დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეული 19, 24, 26 და 28 მარტს წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.


მსოფლიოში ახალი კორონავირუსული ინფექციით — Covid-19-ით თითქმის 200 000 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან გარდაიცვალა თითქმის 8 000, გამოჯანმრთელდა — თითქმის 82 000.

საქართველოში დადასტურებულია 38 შემთხვევა, 1 261 ადამიანი კარანტინშია, 216 — სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ, გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი