ახალი ამბები

ავტომანქანის რეგისტრაციისა და ნომრის ფასი იზრდება

3 ოქტომბერი, 2022 • 2798
ავტომანქანის რეგისტრაციისა და ნომრის ფასი იზრდება

შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასური იზრდება. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს საქართველოს მთავრობამ მიმართა.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურების საფასურების გაზრდა:

  • სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − საფასურად 35 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 100 ლარით;
  • ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა − საფასურად 35 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 80 ლარი;
  • ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა − საფასურად 35 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 80 ლარი.

„წარმოდგენილი კანონპროექტით მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებების საფასურების კორექტირება გაზრდის მომსახურების სააგენტოს შემოსავალს, რაც ასევე გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას.

მოსალოდნელი შემოსავალია დაახლოებით 40 მლნ ლარი, რაც მოხმარდება როგორც უშუალოდ მომსახურების სააგენტოს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას“, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

განმარტებითი ბარათის თანახმად, მიღების შემდეგ კანონი  2023 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი