ახალი ამბები

“ბრძოლა იქნება ბოლომდე” – მელია იმუნიტეტის შეჩერებაზე

16 თებერვალი, 2021 • 717
“ბრძოლა იქნება ბოლომდე” – მელია იმუნიტეტის შეჩერებაზე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მისთვის იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ განაცხადა, რომ უკან დახევას არ აპირებს. ამის შესახებ მელიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება გავრილოვის დავალების შესრულებაა და 88 დეპუტატმა, ვინც მხარი დაუჭირა მისთვის იმუნიტეტის შეჩერებას, “გაასამართლა თავისუფლების და ღირსების იდეა”.

“გავრილოვის დავალება შესრულებულია და ამას ჩემზე კარგად ხედავს ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი. 88 მონურ მორჩილებაში მყოფმა ადამიანმა გაასამართლა თავისულფებისა და ღირსების იდეა. დიახ, არც მეტი და არც ნაკლები, 88 მონურ მორჩილებაში მყოფმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა. ეს არ იყო ჩემთვის გამოტანილი ვერდიქტი. ამ ადამიანებმა, პარლამენტად წოდებულმა რუსეთის მეხუთე კოლონამ, განაჩენი გამოუტანა ყველას. ვფიქრობ, არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა, ვინც ქუჩაში გამოვიდა”, – განაცხადა მელიამ.

მელიამ ასევე აღნიშნა, რომ არ შეეგუება “სამშობლოს დამცირებას” და “გავრილოვის განაჩენს”:

“არ შევეგუები გავრილოვის განაჩენს და აქვე ვუთხრათ ერთმანეთს სიმართლე, რომ ახლა არ არის პარტიისა და პარტიული პოლიტიკის დრო. ერთ მხარეს არის ეროვნული ქართული მოძრაობა და მეორე მხარეს არის ოკუპანტი და ივანიშვილის რენეგატები. ერთ მხარეს არის თავისუფლება, მეორე მხარეს არის მონობა. ერთ მხარეს არის ამ ქვენის და ქართველი ხალხის ნათელი მომავალი და მეორე მხარეს არის საბჭოთა ბნელეთი.

აქედან გამომდინარე, ძვირფასო მეგობრებო, დედებო, მამებო, დებო და ძმებო, შეუძლებელია აქ უკან დახევა და შეუძლებელია უსამართლობას თავი დავუხაროთ. ეს უბრალოდ არ მოხდება და ბრძოლა იქნება ბოლომდე. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე, სანამ ყველანი ერთად არ უზრუნველვყოფთ ამ ქვეყნის თავისუფლებას. დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება და ამ დღეს მე ვხედავ. ჩვენ არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის განადგურების შესაძლებლობას არავის”, – განაცხადა მელიამ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ხალხს მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, ახლა დანაშაული იქნება “შიში და უკან დახევა”.

დღეს, 16 თებერვალს პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

წინააღმდეგ ხმა მისცეს პარტია “მოქალაქეების” წევრებმა: ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ “ევროპული სოციალისტებიც”, თუმცა ოთხივე მათგანმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. რაც შეეხება ქართული ოცნების” წევრებს, მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა პარტიის ყველა დეპუტატმა, ვინც დღევანდელ სხდომას ესწრებოდა.

ამით პარლამენტმა მიიღო დადგენილება “ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე გენერალური პროკურორისთვის თანხმობის მიცემის შესახებ”. დადგენილება ეყრდნობა კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმადაც, დეპუტატის დაკავება ან დაპატიმრება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით და რეგლამენტის მე-11 მუხლს, რომელიც პარლამენტის წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პრინციპებს ადგენს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის შეთხვევაში დადგება დღის წესრიგში.


20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი და საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა და თქვა, რომ უსამართლობის სიმბოლოს ტარებას აღარ აპირებს. შესაბამისად, მან არ დაიცვა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიება, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაოს თანხა გადახდილი ჰქონდა.

პროკურატურა სასამართლოში ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით შევიდა, კერძოდ, მოითხოვა გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 30 000 ლარი 70 000 ლარამდე გაზარდა.

მელიას დამატებითი გირაოს გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა, თუმცა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ გირაოს თანხის გადახდისთვის მელიას ჯერ დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა, შემდეგ გასაფრთხილებლად პროკურატურაში დაიბარა, 12 თებერვალს კი პარლამენტს მიმართა ბრალდებული დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახნელად, რათა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენოს.

 

სავარაუდოდ, პირველად გამოყენებული პრაქტიკები მელიას საქმეში

მასალების გადაბეჭდვის წესი