ახალი ამბები

ქართველი ექიმების გამოცდილება ვაქცინაციაზე [VIDEO]

2 მარტი, 2021 • 1561
ქართველი ექიმების გამოცდილება ვაქცინაციაზე [VIDEO]

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყო. Our World In Data-ს მონაცემების მიხედვით, 27 თევერვლისთვის მსოფლიოში ვაქცინის ერთი დოზით დაახლოებით 142.90 მილიონი ადამიანი იყო აცრილი, ორივე დოზით კი- 52.10. (აღსანიშნავია, რომ Our World In Data-ს ყველა ქვეყნიდან არ აქვს ყოველდღიური ინფორმაცია).

სხვადასხვა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ძირითადად მედპერსონალის აცრით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმებიც აიცრნენ.

ისრაელში მოღვაწე ქართველი ექიმების გამოცდილება

“რას მოგვცემს აცრა ექიმებს და ზოგადად საზოგადოებას? იქნება ნაკლები კრიტიკული პაციენტი, მეტი დრო გვექნება თითოეულ პაციენტთან მუშაობისთვის, გაუმჯობესდება თითოეული პაციენტის მოვლის ხარისხი. შემცირდება სიკვდილიანობა და ის ფაქტორები გაუმჯობესდება, რაც ადამიანებისთვის არის საჭირო”, – ამბობს ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი, ქეთევან გიორგაძე.

ქეთევანი ერთ-ერთი პირველია, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა გაიკეთა. მასთან ერთად აიცრა კიდევ ერთი ქართველი ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ვასილ ხაჩიაშვილი.

ქეთევანი და ვასილი “ნეგტაზეთს” უყვებიან, რომ ვაქცინაციის პირველი დოზის მიღების შემდეგ არავითარი გვერდითი მოვლენა არ ჰქონიათ, გარდა ნემსის გაკეთების შედეგად გამოწვეული კუნთის ტკივილისა. მეორე დოზის შემდეგ კი აღენიშნებოდათ მცირე სისუსტე, თუმცა მუშაობის გაგრძელებაში ხელი მაინც არ შეშლიათ.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, პირველი მარტისთვის ქვეყნის მოსახლეობის 50.8%-ს ვაქცინის ერთი დოზა აქვს გაკეთებული, 36.23%-მა კი ვაქცინის მეორე დოზაც გაიკეთა.

ისრაელის უმსხვილესი ჯანდაცვის პროვაიდერის განცხადებით, 600 000 ადამიანს შორის, რომლებმაც ქვეყნის მასშტაბით ფაიზერის ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს, COVID-19-ის სიმპტომატური შემთხვევები 94%-ით შემცირდა. ამის შესახებ “ნეტგაზეთი” 15 თებერვალს წერდა.

ორგანიზაციის განცხადებით, 92%-ით ნაკლებია შანსი, რომ ვაქცინირებულ მოქალაქეებს დაავადების მძიმე ფორმები განუვითარდეთ. როგორც “როიტერსი” წერს, აღნიშნული კვლევის ფარგლებში ერთმანეთს შეადარეს ორი, ერთი და იმავე ზომის ჯგუფი მსგავსი სამედიცინო ისტორიით. ერთ ჯგუფს ვაქცინა არ მიუღია, მეორე კი ორივე დოზით იყო აცრილი:

“მონაცემები ცხადყოფს, რომ ფაიზერის ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ძალზედ ეფექტურია მეორე დოზით აცრიდან ერთი კვირის შემდეგაც კი, როგორც ეს კლინიკური ტესტირებისას დადგინდა”, – აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მისი თქმით, მონაცემები აჩვენებს, რომ აღნიშნული ვაქცინა კიდევ უფრო ეფექტურია მეორე ინექციიდან ორი კვირის და მეტის გასვლის შემდეგ.

ვეიზმანის სამეცნიერო ინსტიტუტის მკვლევრები, რომლებიც მონაცემებს ქვეყნის მასშტაბით ითვლიან, აცხადებენ, რომ ვაქცინაციის დაწყების შემდეგ კარდინალურად შემცირდა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები იმ ასაკობრივ ჯგუფში (60 წლის ასაკიდან), რომელიც პირველ ეტაპზე აცრეს, როცა ჰოსპიტალიზაციის და მძიმე ავადობის შემთხვევები იზრდებოდა შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში, რომელთა ვაქცინაციაც კვირების შემდეგ დაიწყო.

ქართველი ექიმი ესტონეთში

ესტონეთში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა, ერეკლე ძოწენიძემ Pfizer-ის ვაქცინა 2021 წლის დასაწყისში გაიკეთა. მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ სხვა აცრებისგან განსხვავებული სიმპტომები არ ჰქონია.

“მხარზე, ზუსტად ნანემსრის ადგილას მქონდა დისკომფორტის გრძნობა, ტკივილსაც არ დავარქმევდი, უფრო დისკომფორტი იყო, ესეც ძალიან მცირე”, – განმარტა ძოწენიძემ.

როგორც ერეკლე “ნეტგაზეთთან” ამბობს, თავდაპირველად მასაც ჰქონდა ეჭვები ვაქცინასთან დაკავშირებით, თუმცა სხვადასხვა ინფორმაციის და კვლევის გაცნობის შემდეგ ეს ეჭვები გაუქრა და დარწმუნდა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა.

ამასთან, მისი თქმით, ესტონეთში ვაქცინაციის დაწყებისას მისი თანამშრომლების ნაწილმა ვაქცინის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ “შიშები მოეხსნათ” და ვაქცინის გაკეთებაზე სურვილი გამოთქვეს.

ასევე, ერეკლე ამბობს, რომ ვაქცინაციის დაწყებიდან ერთი თვის თავზე მედპერსონალის მდგომარეობა შემსუბუქდა:

“ადამიანმა იცის, [ექიმთან] რომ მივა, ის იქნება დაცული, არ გადაედება კოვიდი ან თუ გადაედო, შეიძლება ძალიან იოლ ფორმებში გადაიტანოს”, – ამბობს ერეკლე.

ერეკლეს თქმით, სხვა ქვეყნების მსგავსად ესტონეთშიც ვაქცინაციის პროცესს სახელმწიფო ანაზღაურებს და მისი გაკეთება ნებაყოფლობითია.

რაც შეეხება ესტონეთში არსებულ მდგომარეობას, ესტონეთის ჯანდაცვის საბჭოს მონაცემებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მოსახლეობის 6.1%-მა ვაქცინა ერთხელ გაიკეთა, 2.6%-მა კი ორივე დოზა მიიღო.

ქართველი ექიმი აშშ-ში

მაია თავაძე შინაგანი მედიცინის სპეციალისტია, ის აშშ-ში, მერილენდის შტატში ცხოვრობს და ანა არუნდელის სამედიცინო ცენტრში მუშაობს. ასევე არის ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2020 წლის დეკემბრის ბოლოს აიცრა და, როგორც “ნეტგაზეთს” უყვება, პირველი დოზის გაკეთებისას, სხვა მედპერსონალის მსგავსად, მხოლოდ მხრის მცირე ტკივილს გრძნობდა, მეორე დოზის შემდეგ კი გრიპის მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდა.

“მეორე დოზის შემდეგ უფრო მეტს დაუფიქსირდა გრიპის მაგვარი სიმპტომები: შემცივნება, ცხელება, კუნთების და თავის ტკივილი, რაც ძალიან მარტივად ემორჩილება სიცხის დამწევებს, როგორიც არის პარაცეტამოლი, და 24 საათში სრულიად ქრება სიმპტომები. მე პირადად მქონდა მეორე ვაქცინის შემდეგ ცოტათი გართულებული სიმპტომები, მქონდა ცხელება და თავს ვერ ვგრძნობდი კარგად, მაგრამ ზუსტად 24 საათში ყველაფერმა გაიარა. არანაირი შემდგომი გართულებები არ მოჰყოლია”, – განმარტა მაიამ.

მისი თქმით, რადგან ის ერთ-ერთი პირველი აიცრა, ვაქცინის გაკეთებამდე აღნიშნული გვერდითი მოვლენის შესახებ არ გაუფრთხილებიათ, თუმცა შემდეგ, როდესაც უფრო მეტი ინფორმაცია გახდა ცნობილი, ვაქცინის გაკეთებამდე ადამიანებს ამ სიმპტომების შესახებ აფრთხილებენ.

მაიას განმარტებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები უსაფრთხოა, რადგან აცრისას სხეულში ვირუსის გენეტიკური მატერია სრულად არ შედის, რაც ნიშნავს, რომ ვირუსისგან განსხვავებულ გართულებებს ვაქცინა ვერ გამოიწვევს:

“კორონავირუსის ვაქცინები, განსაკუთრებით Moderna-ს და Pfizer-ის ვაქცინები, არის mRNA ვაქცინები, რომლითაც ორგანიზმში, ფაქტობრივად, ვირუსის პატარა გენეტიკური კოდი შედის, რომელიც შემდეგ იმუნიტეტს გამოუმუშავებს ადამიანებს ამ კოდის წინააღმდეგ და იცავს დაავადებისგან. ეს არის საკმაოდ უსაფრთხო ვაქცინა, რადგან ამ დროს ორგანიზმში არ შედის მთელი ვირუსის გენეტიკური მატერია. ამიტომ, რა გართულებასაც ვერ გამოიწვევს ვირუსი, ეს ვაქცინაც ვერ გამოიწვევს. მოსახლეობაში იყო შიშები გენეტიკური კოდის შეცვლასთან ან უშვილობის გამოწვევასთან დაკავშირებით, თუმცა რაც ვირუსს არ ახასიათებს, ის ვაქცინას ვერ ახასიათებს”, – განმარტავს მაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი