ახალი ამბები

ისრაელი: “ფაიზერით” აცრილებში COVID-19-ის სიმპტომური შემთხვევები 94%-ით შემცირდა

15 თებერვალი, 2021 • 947
ისრაელი: “ფაიზერით” აცრილებში COVID-19-ის სიმპტომური შემთხვევები 94%-ით შემცირდა

ისრაელის უმსხვილესი ჯანდაცვის პროვაიდერი აცხადებს, რომ 600 000 ადამიანს შორის, რომლებმაც ქვეყნის მასშტაბით ფაიზერის ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს, COVID-19-ის სიმპტომატური შემთხვევები 94%-ით შემცირდა.

ორგანიზაციის განცხადებით, 92%-ით ნაკლებია შანსი, რომ ვაქცინირებულ მოქალაქეებს დაავადების მძიმე ფორმები განუვითარდეთ. როგორც “როიტერსი” წერს, აღნიშნული კვლევის ფარგლებში ერთმანეთს შეადარეს ორი, ერთი და იმავე ზომის ჯგუფი მსგავსი სამედიცინო ისტორიით. ერთ ჯგუფს ვაქცინა არ მიუღია, მეორე კი ორივე დოზით იყო აცრილი:

“მონაცემები ცხადყოფს, რომ ფაიზერის ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ძალზედ ეფექტურია მეორე დოზით აცრიდან ერთი კვირის შემდეგაც კი, როგორც ეს კლინიკური ტესტირებისას დადგინდა”, – აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მისი თქმით, მონაცემები აჩვენებს, რომ აღნიშნული ვაქცინა კიდევ უფრო ეფექტურია მეორე ინექციიდან ორი კვირის და მეტის გასვლის შემდეგ.

ვეიზმანის სამეცნიერო ინსტიტუტის მკვლევრები, რომლებიც მონაცემებს ქვეყნის მასშტაბით ითვლიან, აცხადებენ, რომ ვაქცინაციის დაწყების შემდეგ კარდინალურად შემცირდა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები იმ ასაკობრივ ჯგუფში (60 წლის ასაკიდან), რომელიც პირველ ეტაპზე აცრეს, როცა ჰოსპიტალიზაციის და მძიმე ავადობის შემთხვევები იზრდებოდა შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში, რომელთა ვაქცინაციაც კვირების შემდეგ დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი