ახალი ამბები

არაფერ შუაშია ომბუდსმენის მანდატთან ის მოწოდება, რაც მან გააკეთა – სუბარი

16 თებერვალი, 2021 • 497
არაფერ შუაშია ომბუდსმენის მანდატთან ის მოწოდება, რაც მან გააკეთა – სუბარი

უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ეხმაურება სახალხო დამცველის მიერ ნიკა მელიაზე გავრცელებულ განცხადებას. სუბარი, რომელიც 2004-2009 წლებში სახალხო დამცველი იყო, ამბობს, რომ ომბუდსმენი სამართლიანობის ქურუმი უნდა იყოს და არა რომელიმე პარტიის ადვოკატი. ამას გარდა, სოზარ სუბარს მიაჩნია, რომ ნინო ლომჯარიას მოწოდება პარლამენტისადმი, არ მისცენ ნიკა მელიას დაკავებაზე თანხმობა, ომბუდსმენის მანდატს სცდება.

“ჩემი გაგებით და, მგონი, არ ვცდები ამაში, სახალხო დამცველი არის ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობის ქურუმი და არა კონკრეტული პარტიის ადვოკატი. არაფერ შუაში არ არის სახალხო დაცველის მანდატთან ის მოწოდება, რაც მან გააკეთა. როცა ადამიანი კანონს არღვევს, პარლამენტი უბრალოდ ვალდებულია ხელი შეუწყოს სამართლიანობას მის აღდგენაში. სამართლიანობა და მისი აღდგენა უნდა იყოს სახალხო დამცველის მანდატის მთავარი მახასიათებელი და არა ადვოკატირება ცალკეული პირებისა თუ პარტიების”, – ამბობს სუბარი.

დღეს, 16 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს მოუწოდა, თანხმობა არ გასცეს ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ომბუდსმენმა ასევე მიმართა გენერალურ პროკურატურას, აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების გადაწყვეტილებას გადახედოს.

პარლამენტი 16 თებერვალს კენჭს უყრის ენმ-ის თავმჯდომარისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას, რის შემდეგაც პროკურატურას საშუალება ექნება, ნიკა მელიას პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.

ომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს მელიას პატიმრობაზე თანხმობა არ გასცეს

მასალების გადაბეჭდვის წესი