ახალი ამბები

ომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, მელიას პატიმრობაზე თანხმობა არ გასცეს

16 თებერვალი, 2021 • 813
ომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, მელიას პატიმრობაზე თანხმობა არ გასცეს

საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, თანხმობა არ გასცეს ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ომბუდსმენი ასევე მიმართავს გენერალურ პროკურატურას, აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების გადაწყვეტილებას გადახედოს.

ომბუდსმენის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის საჭიროა მისი მიზნებისა და საფუძვლების სათანადოდ დასაბუთება. კერძოდ, პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს, რომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული ფორმა აუცილებელია, ვინაიდან ბრალდებულმა შესაძლებელია თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, მიიმალოს, გაანადგუროს საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ან ჩაიდინოს ახალი დანაშაული. ომბუდსმენი აცხადებს, რომ აღკვეთის ღონისძიების დარღვევა ბრალდებულისთვის პატიმრობის ან სხვა რომელიმე მძიმე ღონისძიების შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს.

“ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობისას, შეფასების ძირითადი საგანი უნდა გახდეს – არსებობს თუ არა დღეს ბრალდებულის ქცევის შეზღუდვის საჭიროება და ემსახურება თუ არა ეს შეზღუდვა მართლმსაჯულების ინტერესებს. მით უმეტეს, რომ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი, დასრულებულია გამოძიების ეტაპი და საქმე ამჟამად არსებითად იხილება”,-წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველი ასევე აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც 20 ივნისის მოვლენების დროს მრავალი ათეული მოქალაქისა და ჟურნალისტის მიმართ ძალის გადამეტების გამო მხოლოდ 3 რიგითი პოლიციელია პასუხისგებაში მიცემული, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება, საპროცესო საჭიროების სათანადოდ დასაბუთების გარეშე, ქართულ მართლმსაჯულებას დიდ დარტყმას მიაყენებს და მას არადემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას მიამსგავსებს. ომბუდსმენი თანახმად, ამ ტიპის საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად შეანელებს ქვეყნის დასავლური განვითარების პროცესს.

“ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გადაწყვეტილების მიღების დროს იმსჯელონ და სათანადოდ შეაფასონ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება და აუცილებლობა. ამასთანავე, სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის გამოყენება ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელების მიმართ მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ”,- წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი