ახალი ამბები

8 დღე “ბაიერნის” მწვრთნელად და რასიზმთან დაკავშირებული სკანდალი ბორდოში – ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერა

16 თებერვალი, 2021 • 1218
8 დღე “ბაიერნის” მწვრთნელად და რასიზმთან დაკავშირებული სკანდალი ბორდოში – ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ფრანგი სპეციალისტი ვილი სანიოლი დაინიშნა. მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა მარჯვენა მცველმა  გულშემატკივარს თავი დაამახსოვრა საფრანგეთის ნაკრებში თამაშითაც.

ფეხბურთელის საკლუბო და სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ, 2011-2013 წლებში სანიოლი საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013-2014 წლებში საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

ვილი სანიოლი 2014-16 წლებში ფრანგულ კლუბ ბორდოს ხელმძღვანელობდა. 2017 წელს კი მიუნხენის ბაიერნში დაბრუნდა მწვრთნელის ასისტენტად, სადაც დროებითი მწვრთნელადაც იმუშავა.

სანიოლის სამწვრთნელო კარიერა 2017 წელს წყდება. მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.

საკლუბო კარიერა

ვილი სანიოლმა საფეხბურთო კარიერა ფრანგულ კლუბ სენტ ეტიენში დაიწყო. ჯერ კიდევ 20 წლამდე ასაკის სანიოლი სენტ ეტიენის კაპიტანი გახდა. ორი წარმატებული სეზონის შემდეგ 1997 წელს ფრანგი მცველი მონაკოში გადავიდა, სადაც გუნდთან ერთად 2000 წელს საფრანგეთის პირველი დივიზიონი მოიგო.

სანიოლი მონაკოს შემადგენლობაში იყო, როცა 1998 წელს ოლდ ტრაფორტზე ჩატარებულ შეხვედრაში გუნდმა მანჩესტერ იუნაიტედი უეფას ჩემიპიონთა ლიგას გამოთიშა.

მონაკოს შემდეგ სანიოლმა კარიერა მიუნხენის ბაიერნში გააგრძელა, სადაც ცხრაწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 2009 წელს ტრავმის გამო კაერიერა დაასრულა. მაშინ სანიოლი მხოლოდ 31 წლის იყო. ბაიერნის შემადგენლობაში სანიოლმა ბუნდესლიგა ხუთჯერ მოიგო, ოთხჯერ კი გერმანიის თასს დაეუფლა.

ბაიერნში თამაშის პირველსავე სეზონში სანიოლმა გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში იასპარეზა, სადაც გერმანულმა კლუბმა ესპანური ვალენსია პენალტების სერიაში დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

სანაკრებო კარიერა

ვილი სანიოლის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში, ჯამში, 58 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში იყო 2002-2006  წლებში ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე, 2004-2008 წლებში კი, უეფას ევროპის ჩემპიონატზე.

სანიოლი საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობდა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, როდესაც გუნდი იტალიასთან დამარცხდა.

სამწვრთნელო კარიერა

ვილი სანიოლმა სამწვრთნელო კარიერა 2013 წელს საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებში დაიწყო.

2014 წლიდან ფრანგი სპეციალისტი მუშაობდა საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბ ბორდოში, სადაც მის განცხადებებს აფრიკელ ფეხბურთელებზე ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

სანიოლმა აფრიკელ ფეხბურთელებს “იაფფასიანი” უწოდა სპორტში და ინტელექტისა და ტექნიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა, როდესაც განმარტა, თუ რატომ გეგმავდა გუნდში ნაკლები აფრიკელი მოთამაშის აყვანას.

“უპირატესობა, რასაც მე ტიპურ აფრიკელ მოთამაშეს ვეძახი, არის ის, რომ ისინი არიან იაფი… მზად ბრძოლისთვის. მაგრამ ფეხბურთი მხოლოდ ეს არ არის, საჭიროა ტექნიკა, ინტელექტი, დისციპლინა, ასე რომ, ყველაფერი გჭირდება”, – განაცხადა სანიოლმა BBC-ის ცნობით.

მოგვიანებით სანიოლმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ როდესაც “იაფი” შავკანიანი სპორტსმენები ახსენა, ახალგაზრდა  აფრიკელ მოთამაშეებს გულისხმობდა, რომლებიც ევროპაში წარმატების სურვილით ჩადიან. ინტელექტის კრიტიკასთან დაკავშირებით კი სანიოლმა თქვა, რომ ტაქტიკურ ცოდნას გულისხმობდა:

“ფინანსური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის გაუმართობის გამო, აფრიკაში ვარჯიშები არ არის ისეთი კომპლექსური, როგორც ევროპაში, და აფრიკელი ფეხბურთელები ამ დანაკლისის კომპენსირებას მძიმე შრომით ცდილობენ”, – თქვა სანიოლმა.

 

განმარტების მიუხედავად, სანიოლის კომენტარი ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მათ შორის იყო ტიტულოვანი ფრანგი ფეხბურთელი ლილიან ტურამი:

“დამაზიანებელია, როდესაც ვიღაცები მიანიშნებენ, რომ აფრიკელ მოთამაშეებს ესა თუ ის ნიშან-თვისება აკლიათ” ,- ამბობდა ტურამი.

მიუხედავად კრიტიკისა, გუნდის მენეჯმენტმა მწვრთნელს დაუჭირა მხარი. კლუბის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ სანიოლის განცხადებების “ბოროტად” ინტერპრეტირება მოხდა.

ბორდოში სანიოლი 2016 წლამდე დარჩა. თავის პირველ სეზონში კლუბმა მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო მეორე სეზონი ასეთივე წარმატებული არ გამოდგა, მან კლუბი დატოვა იმ დროს, როცა ბორდო მე-14 ადგილზე იმყოფებოდა გასავარდნ ზონასთან ახლოს იყო.

ფრანგი სპეციალისტი 2017 წლის ივნისში მიუნხენის ბაიერნის მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ასისტენტი გახდა. ანჩელოტი გერმანულ კლუბში 2017 წლის სექტემბერში დაითხოვეს, რის შემდეგაც სანიოლი გუნდის დროებით მწვრთნელად დაინიშნა.

სანიოლი მიუნხენის ბაიერნს დროებითი მწვრთნელის რანგში 8 დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ერთი მატჩიც გამართა, რომელიც ჰერტასთან ფრედ დასრულდა. მან ბაიენრის მწვრთნელის პოსტი იუპ ჰაინკესს გადააბარა.

2017 წლის შემდეგ სანიოლის სამწვრთნელო კარიერა წყდება, მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი