ახალი ამბები

ჯაფარიძის ბართან პოლიცია მივიდა და ლუქის ახსნის საშუალებას არ აძლევს

15 თებერვალი, 2021 • 952
ჯაფარიძის ბართან პოლიცია მივიდა და ლუქის ახსნის საშუალებას არ აძლევს

აღმაშენებლის გამზირზე, კაფე “ჯაფარასთან” პოლიციაა მობილიზებული. “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ კაფეზე ლუქის მოხსნა და მუშაობის გაგრძელება უნდა, ამის შესაძლებლობას კი პოლიცია არ აძლევს.

“ჩემს ბარში შესვლა და ლუქის აძრობა მინდა. ამისთვის მოვედი. მგონია, რომ პოლიციის საქმეა, თუ ლუქს ავაძრობ და ეს თუ არის დანაშაული, შემდეგ მოახდინონ გარკვეული რეაგირება. ეს იქნება ჩემთვის გასაგები, რადგან მესმის, რომ დარღვევაზე მივდივარ, რადგან ეს პოლიტიკური პროტესტია. ფიზიკურად დადგნენ [პოლიცია] და მეუბნებიან, რომ მიცავენ, შემთხვევით კანონი არ შემომერღვეს. მოსული ვარ, რომ კანონი დავარღვიო და ლუქამდე არ მიშვებენ, რომ ავაძრო. მართლა მაინტერესებს, რამდენ ხანს შეიძლება იდგნენ. მეტი საქმე არ არის ამ ქვეყანაში?!”-აცხადებს ჯაფარიძე.

დღეს, 15 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯაფარიძის ბარი დალუქეს და საქმიანობა შეუჩერეს. მანამდე “გირჩის” ლიდერი შრომის ინსპეციის წარმომადგენლებმა 2000 ლარით დააჯარიმეს. ქვეყანაში აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ხელმეორედ განხორციელება კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

“ასევე დადგინდა, რომ ბარმა კვლავ განაგრძო მუშაობა და აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა, კერძოდ, ფუნქციონირებდა ღამის კლუბი და ბარი, სადაც მოქალაქეები 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ. განმეორებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით, რაც იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს”, – აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს ცნობითვე, გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ზემოთ აღნიშნულ ბარში ჩხრეკა ჩაატარეს და ობიექტი დალუქეს, საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.

ჯაფარიძემ ბარი, სახელწოდებით “ჯაფარასთან”, 13 თებერვალს გახსნა. მისი თქმით, ბარის გახსნა იყო “პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი”, მიმართული “კორონაპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი