ახალი ამბები

შსს-მ ზურა ჯაფარიძის ბარი დალუქა

15 თებერვალი, 2021 • 782
შსს-მ ზურა ჯაფარიძის ბარი დალუქა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ზურა ჯაფარიძის ბარი დალუქეს და საქმიანობა შეუჩერეს.

უწყების განცხადებით, დადგინდა, რომ აღნიშნული დაწესებულების დროებითი მფლობელი – ზურა ჯაფარიძე საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურმა 14 თებერვალს 2 000 ლარით დააჯარიმა:

“ასევე დადგინდა, რომ ბარმა კვლავ განაგრძო მუშაობა და აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა, კერძოდ, ფუნქციონირებდა როგორც ღამის კლუბი და ბარი, სადაც მოქალაქეები 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ. განმეორებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით, რაც იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს”, – აცხადებენ უწყებაში.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ზემოთ აღნიშნულ ბარში ჩხრეკა ჩაატარეს და ობიექტი დალუქეს, საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.

უწყებაში აცხადებენ, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და, ასკ-ის 42-ე პრიმა-10 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. შსს-ში აღნიშნავენ, რომ სამართალდარღვევის განმეორებითი გამოვლენა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

ჯაფარიძემ ბარი, სახელწოდებით “ჯაფარასთან”, 13 თებერვალს გახსნა. მისი თქმით, ბარის გახსნა იყო “პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი”, მიმართული “კორონაპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ”.

“პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი” – ზურაბ ჯაფარიძე თბილისში ბარს ხსნის

მასალების გადაბეჭდვის წესი