ახალი ამბები

22 თებერვლამდე ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, მოსალოდნელია უხვი ნალექი – ამინდის პროგნოზი

15 თებერვალი, 2021 • 1081
22 თებერვლამდე ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, მოსალოდნელია უხვი ნალექი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, 17-18 თებერვალს კი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მაღალმთიან რაიონებში კი ნისლი და ქარბუქია ნავარაუდევი.

ამავე პერიოდში ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.

უწყებაში აცხადებენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შასაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 19-22 თებერვალს, ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6,გრადუსია მოსალოდნელი, ქვემო ქართლის ბარში კი -5, -7.

შიდა ქართლის ბარში -11, -13 გრადუსამდე ტემპერატურაა ნავარაუდევი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს თქმით, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ტემპერატურის მნიშვნელოვანმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი