ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გაუქმდეს კარანტინი აფხაზეთის მოსახლეობისთვის | ხოშტარია გახარიას მიმართავს

15 თებერვალი, 2021 • 1006
გაუქმდეს კარანტინი აფხაზეთის მოსახლეობისთვის | ხოშტარია გახარიას მიმართავს

ელენე ხოშტარიამ, როგორც მოქალაქემ და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა, რომელშიც აფხაზეთის მოსახლეობისთვის 5- დღიანი კარანტინის გაუქმებასა და სწრაფი ტესტების პრაქტიკის დანერგვას ითხოვს.

“ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები უმძიმეს პირობებში ამყოფებს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას, რადგან მათ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემთხვევაში უწევთ ხუთდღიანი კარანტინის გავლა, ამის გამო ვერ ახერხებენ ელემენტარული საჭიროებების მიღებას: საბანკო მომსახურება, მედიკამენტების, საკვები პროდუქტის შეძენა და სხვა.  

კარანტინის თავიდან ასაცილებლად აფხაზეთის მოსახლეობა ხშირად მიმართავს მდინარით გადმოსვლის ხერხს, რის გამოც მათ ოკუპანტები აპატიმრებენ”. 

მოგიწოდებთ, უახლოეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილოთ აღნიშნული პრობლემა და ნაცვლად არსებული ხუთდღიანი კარანტინისა, ადგილზე უზრუნველყოთ მოსახლეობის სწრაფი ტესტირება. 

ასევე, მიმართვაში ყურადღება გამახვილებულია პანდემიასთან დაკავშირებული სტატისტიკის გამოქვეყნებაზე.

“კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციისთვის შექმნილ ვებგვერდზე – StopCov.ge სტატისტიკის ნაწილს დაემატოს გრაფა, სადაც აღნიშნული იქნება, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ინფიცირებულთა რაოდენობის აღრიცხვა ვერ ხერხდება, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს აღნიშნული ტერიტორიები საქართველოს სახელმწიფოს არ განეკუთვნება”. 

საკარანტინო ვადა აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის ნაცვლად 12 დღისა განისაზღვრა 5 დღით.

რაც შეეხება კორონავირუსის სტატისტიკას, ქართული მხარის განმარტებით, თბილისი სოხუმისა და ცხინვალის სტატისტიკას უნდობლობას უცხადებს. შესაბამისად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში წარმოებული კოვიდ სტატისტიკა თბილისის მიერ არ აღირიცხება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი