ახალი ამბები

ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის საკითხზე მერიაში შეხვედრა დაინიშნა

15 თებერვალი, 2021 • 786
ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის საკითხზე მერიაში შეხვედრა დაინიშნა

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობაზე ინვესტორსა და მერიას შორის შეხვედრა დაინიშნა.

მერიაში ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ ამბობენ, თუ რომელ საათზე შეხვდებიან კომპანიას, თუმცა შეხვედრის დანიშვნას ადასტურებენ.

დღეს სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებელი კომპანიის დირექტორმა, გიორგი ზაქაიძემ განაცხადა, რომ მიუხედავად ვადაგასული ნებართვისა, მშენებლობას ადგილზე მაინც დაიწყებს, ვინაიდან აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება.

საქმე ის არის, რომ რამდენიმე წლის წინ მერიასა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენებულიყო, თუმცა ეს მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით ვერ დასრულდა.

კომპანია შემდგომ ამბობდა ჟურნალისტებთან, რომ მერიას არ შემოუთავაზებია ადეკვატური ალტერნატივა. მერიაში კი ამბობენ, რომ პარკში სასტუმრო არ აშენდება.

ამ ეტაპზე სამშენებლო ტერიტორიაზე დასუფთავების სპეციალური ტექნიკა დგას.

„მერიის ზედამხედვლობამ გვთხოვა, რომ შევხვედროდით ხელმძღვანელობას. ახლა მივდივართ და იქ გადაწყდება ყველაფერი – გავაგრძელებთ, თუ რაიმე პირობაზე შევთანხმდებით“, – გვითხრა კომპანიის დირექტორმა მოკლე სატელეფონო კომენტარში და დასძინა, რომ მათთვის მისაღები იქნება „ყველა ადეკვატური პირობა“.


საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 16 იანვარს ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით ძალაში დატოვა თბილისის მერიის 2013 წლის 24 ივლისის (მერი – გიგი უგულავა) განკარგულება, რომლითაც ილია ჭავჭავაძის გამზირის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დამტკიცდა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებიდან მალევე, თბილისის უკვე ამჟამინდელმა მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. მალევე დაიწყო მოლაპარაკებები, საუბარი იყო ადგილმონაცველობაზეც. თუმცა ეს მოლაპარაკებები მერიასა და კომპანიას შორის, უშედეგოდ დასრულდა.

მერიის ინფორმაციით, მართალია, კომპანიის მშენებლობის ნებართვის ვადა გავიდა, მაგრამ სპეცნებართვა (ზონალური შეთანხმება), რომელიც  2013 წელს გაიცა და რომლის საფუძველზეც შემდგომ მიიღო კომპანიამ მშენებლობის ნებართვა  – უვადოა.  თავად მშენებარე კომპანია “შპს ტიფლის კოსტავას” დირექტორი, გიორგი ზაქაიძე ამბობს, რომ მერიას კომპანიისთვის უარის თქმის სამართლებრივი უფლება არ აქვს.

ვრცლად ამაზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის არქივიდან:

გაურკვევლობა ვაკის პარკში – აშენდება თუ არა სასტუმრო “ბუდაპეშტი”

მასალების გადაბეჭდვის წესი