ახალი ამბები

ჯაფარიძის ბარში შრომის ინსპექციის წარმომადგენლები და პოლიცია მივიდა

14 თებერვალი, 2021 • 797
ჯაფარიძის ბარში შრომის ინსპექციის წარმომადგენლები და პოლიცია მივიდა

აღმაშენებლის გამზირზე, სადაც ზურაბ ჯაფარიძემ ბარი “ჯაფარასთან” გახსნა შრომის ინსპექციის წარმომადგენლები და პოლიცია მივიდა. როგორც ჟურნალისტებს ზურაბ ჯაფარიძემ უთხრა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა გადაამოწმა ისევ ეწეოდნენ თუ არა სამეწარმეო საქმიანობას. “გირჩის” ლიდერი გუშინ ბარის გახსნისთვის 2000 ლარით უკვე დაჯარიმდა, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ხელმეორედ დარღვევა კი სიხსლის სამართლებრივ პასუხისგებას ითვალისწინებს. ჯაფარიძე ამბობს, რომ შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა მას უთხრა რომ ფაქტს უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობდა.

“გადაამოწმა [შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა] ისევ ის ხართ თუ არა ვინც აქ სამეწარმეო საქმიანობას ეწევაო. ვუთხარი რომ ის ვიყავი. მითხრა რომ მაშინ ეს იყო განმეორებითი შემთხვევა, შესაბამისად, ყველა მასალას შსს-ს გადავუგზავნიო. მეტი არაფერი ყოფილა,”-უთხრა ჟურნალისტებს ზურაბ ჯაფარიძემ.

შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობისთვის ბარის მეპატრონე გუშინ უკვე დაჯარიმდა, დღეს კი განმეორებითი დარღვევა დააფიქსირეს. მისივე თქმით, ხელმეორედ დარღვევაზე ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდებენ.

“როგორც გითხარით საქმის მასალები შსს-ს გადაეცემა და თვითონ გააკეთებენ განმარტებას ამასთან დაკავშირებით. შესაძლებელია როგორც ობიექტის დალუქვა, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.”

ჯაფარიძემ ბარი, სახელწოდებით “ჯაფარასთან”, 13 თებერვალს გახსნა. მისი თქმით, ბარის გახსნა იყო “პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი”, მიმართული “კორონა-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ”.

შრომის ინსპექციისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ბარში 14 თებერვალს, დაახლ. 00:10 საათზე გამოჩნდნენ. ინსპექციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მთავრობის დადგენილების მიხედვით, ბარების ფუნქციონირება მიმდინარე პერიოდში ნებადართული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი