შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტან გომელაური 14 წლის ძალადობის მსხვერპლის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ პოლიციამ რაც შეძლო ყველაფერი გააკეთა. მისივე თქმით, თუ ვინმეს გამოძიების პროცესთან დაკავშირებით კითხვები აქვს, შეუძლია მოიძიოს რა გააკეთა პოლიციამ.
„ძალიან მძიმე ფაქტია, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი, ბავშვი – სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს. ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კანონმა მოგვცა უფლება, შესაძლებლობა, ჩაგვეტარებინა საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხვები, დაკითხვები და ა.შ. ანუ რაც გვევალებოდა ყველაფერი გავაკეთეთ. ვისი საკითხი დადგება ან არ დადგება, კითხვას ასეთ ინტერპრეტაციას ნუ უკეთებთ. თუ ვინმეს აქვს პრეტენზია ოჯახი იქნება ეს თუ სხვა ადამიანი, შეუძლია შეიტანოს საჩივარი… კიდევ ვიმეორებ თუ ვინმეს შეკითხვები აქვს მიმართონ სხვადასხვა უწყებას და მოიძიონ,”-აცხადებს გომელაური.
რამდენიმე დღის წინ ქობულეთში 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. ოჯახის ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა მისი გაუპატიურება. გოგოს დაღუპვიდან მალევე 23 წლის კაცი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 140-ე და 115 მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც რულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში და თვითმკვლელობამდე მიყვანას.
თუმცა სავარაუდო დანაშაულის შესახებ პოლიციამ მანამდეც იცოდა, რადგან დანიშნული იყო ექსპერტიზა.
14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა
სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთ:
ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025) მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88 ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 11 61 11; 2 42 14 22 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05