შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 570 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, 20 ლარით 469 ადამიანი დააჯარიმეს. შსს-ს ცნობითვე, 101 მოქალაქე ე.წ კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმდა.

“პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 101 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 469 ფიზიკური პირი დაჯარიმდა,”-წერია შსს-ს განცხადებაში.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.