ახალი ამბები

ზურაბ ჭიაბერაშვილი პოლიტიკიდან მიდის

12 თებერვალი, 2021 • 1321
ზურაბ ჭიაბერაშვილი პოლიტიკიდან მიდის

ზურაბ ჭიაბერაშვილი “ევროპულ საქართველოს” და პოლიტიკას ტოვებს.

როგორც ჭიაბერაშვილი საკუთარ ბლოგზე წერს, პერიოდულად საკუთარ მოსაზრებებს დაინტერესებულ ადამიანებს სოციალური მედიით გააცნობს.

“თუ რადიკალური ცვლილებები გვინდა, ყველამ ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ – ოპოზიციამ, ცალკეულმა პარტიებმა, თითოეულმა პიროვნებამ. ფაქტია, რომ ამ სახით გარღვევა არ ხდება. ამიტომ აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით (და არა უკანდახევით), გზა დავუთმოთ მომავალ თაობას. ჩემს გარშემო უამრავ ახალგაზრდას ვხედავ, რომელსაც მე ვანდობდი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმეების მოგვარებას. გამოცდილება, რაც საჯარო სამსახურში 17-წლიანი მუშაობით დამიგორვდა, ეკუთვნის იმ ქვეყანას, რომლის სამსახური ჩემთვის პატივია. სოციალური მედია იძლევა იმის საშუალებას, რომ პერიოდულად ჩემი აზრი დაინტერესებულ ადამიანებს გავაცნო”, – წერს ჭიაბერაშვილი.

ზურაბ ჭიაბერაშვილის პოლიტიკური კარიერა 2004 წელს თბილისის მერის პოსტზე დაიწყო. მანამდე საერთაშორისო საზოგადოება “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი იყო. სხვადასხვა დროს ჭიაბერაშვილი ასევე იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში და ელჩი შვეიცარიასა და ლიხტენშტაინში. 2012 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. არის მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი