ახალი ამბები

“პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობაა” — გახარია მელიას გირაოზე

12 თებერვალი, 2021 • 686
“პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობაა” — გახარია მელიას გირაოზე

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდაზე უარის თქმა “პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობაა”.

“ეს ახლა არის ჩვეულებრივი პოპულიზმი. სახელმწიფოს როლი თუნდაც ამაში საერთოდ არანაირი არ არის. ეს არის სამართალდამცავი სისტემა, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და აქაც არჩევანი არის კონკრეტული ადამიანის მხარეს, მას შეუძლია გადადგას ნაბიჯი ერთი მიმართულებით, ან შეუძლია გააგრძელოს პოლიტიკური ხულიგნობა, ეს ხომ მისი არჩევანის საკითხია. რა შუაშია აქ ან „ქართული ოცნება“, ან პროკურატურა, ამას ხომ არანაირი კავშირი ამასთან არ აქვს. არის უბრალოდ აღკვეთის ღონისძიება, რომელსაც შეუძლია გირაოს სახით ადამიანი დატოვოს გარეთ და გააგრძელოს მისი ნორმალური, ჩვეულებრივი ცხოვრება, მისი გადაწყვეტილებაა, ეს ერთი. ჩემთვის ეს არის უბრალოდ იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით, პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა, მეტი არაფერი, არასერიოზულია ეს ყველაფერი”, — განაცხადა გახარიამ.


ნიკა მელიას 2020 წლის 3 ნოემბერს შეეფარდა გირაო, სასამართლომ კი მისი გადახდის ვადად 50 დღე განსაზღვრა. გირაოს დაკისრებას წინ უძღოდა ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნა პირველ ნოემბერს. მან სამაჯური საჯაროდ, აქციაზე სიტყვის გამოსვლისას მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ მელიასთვის გირაოს შეფარდების და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. პროკურატურა ითხოვდა გირაოს თანხის 70 000 ლარით გაზრდას.

ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი კი სასამართლო პროცესის დაწყებამდე ამბობდა, რომ ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებდა.

საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოს თანხა მელიას 40 000 ლარით გაეზარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის მელიას საგამოძიებო ორგანოსგან სპეციალური ნებართვა დასჭირდება.

მოგვიანებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ სასამართლომ სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიება გაუუქმა  — მათ შორის აქციებზე გამოსვლა, ჩამორთმეული დოკუმენტები დაუბრუნა და ელექტრონული სამაჯურის გაკეთება აღარ დაავალდებულა.

პროკურატურამ ნიკა მელიას 2019 წელს ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ მელიას აღკვეთის სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო და შინაპატიმრობა შეუფარდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება ავალდებულებდა მას სამაჯურის გაკეთებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი