ახალი ამბები

“ძალიან ბავშვურია და თამაშია” – მდინარაძე რესპუბლიკელების ინიციატივაზე

10 თებერვალი, 2021 • 1280
“ძალიან ბავშვურია და თამაშია” – მდინარაძე რესპუბლიკელების ინიციატივაზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, “რესპუბლიკური პარტიის” ინიციატივა 0%-იანი ბარიერისთვის მხარდასაჭერად პარლამენტში ერთჯერადად შესვლის თაობაზე “ძალიან ბავშვურია და თამაშია”. ამის შესახებ მდინარაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.

მისი განცხადებით, ქვეყანაში სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს და ოპოზიცია ახერხებს, რომ ძირითადი აქცენტები 0%-იანი ბარიერის განახილვაზე გადმოიტანოს.

“მგონია, რომ ძალიან ბავშვურია და თამაშია [ხათუნა სამნიძის განცხადება]. მაშინ, როდესაც უნდა ვლაპარაკობდეთ იმაზე, თუ როგორ მოვაგვაროთ მოქალაქეების სოციალური პრობლემები, მართლაც ძალიან ბევრი საკითხია და ისინი [ოპოზიცია], ერთადერთი, რასაც თავის ამ საბოტაჟისგან შედარებით აღწევენ, არის ის, რომ მთელი ყურადღება სხვა საკითხებზე”, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ის მიიჩნევს, რომ 0%-იანი ბარიერი ქვეყანაში “განუწყვეტლივ კრიზისებს” შექმნის, თუმცა მიიღებს ოპოზიციის საწინააღმდეგო არგუმენტებსაც, რის დასტურადაც, მდინარაძის თქმით, მმართველმა პარტიამ “კარი გახსნა”, როდესაც “მოქალაქეებთან” მემორანდუმს მოაწერა ხელი:

“ჩვენ როდესაც მემორანდუმს ხელი მოვაწერეთ და იქ წერია 0%-დან 3%-მდე, ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი 5% ჩვენთვის, ვთქვათ, კომპრომისულ ვარიანტად შეიძლება იყოს გადახედილი და ოპოზიციას, როგორც მინიმუმ, დღეს თუ პარლამენტში შემოვა და 113 ხმა მოგროვდება საამისოდ, 3% ხელში უჭირავს. ჩემი აზრით, აქ პრობლემა არ არის, მაგრამ სხვა შემთხვევებში უნდა ჩამოვიდეთ 2-ზე, 1-ზე თუ საერთოდ უბარიერო სისტემა იყოს, ამას სჭირდება არგუმენტები. იქნებ დაგვარწმუნონ. კი ბატონო, განსხვავებული აზრიც არსებობს, მათ შორის გუნდის შიგნით. ადრეც იყო ამაზე მსჯელობა, ახლაც შეიძლება ამაზე მსჯელობა გაგრძელდეს”, – განაცხადა მდინარაძემ.

დღეს, 10 თებერვალს სამნიძემ განაცხადა, რომ პარტიის წევრები მზად არიან პარლამენტში ერთჯერადად, მხოლოდ კენჭისყრისთვის შევიდნენ, თუ “ქართული ოცნება” უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი