ახალი ამბები

პროკურატურა მტკიცებულებად მელაშვილის საჯარო განცხადებების დამატებას ითხოვს

10 თებერვალი, 2021 • 677
პროკურატურა მტკიცებულებად მელაშვილის საჯარო განცხადებების დამატებას ითხოვს

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ახალ მტკიცებულებად ივერი მელაშვილის მიერ გაკეთებული სატელევიზიო კომენტარები წარადგინა. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მელაშვილმა სატელევზიო ეთერებში გაკეთებული კომენტარით ბრალი აღიარა.

დღევანდელი წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს წარუდგინეს ტელეკომპანიებში გაკეთებული საჯარო განცხადებები, სადაც მელაშვილი “აცხადებს, რომ [დავითგარეჯა] არ იყო საქართველოს ტერიტორია არასდროს”.

მელაშვილმა გირაოთი გათავისუფლების დღეს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განცხადა, რომ საზღვრის დადგენის პროცესში კონტრპროდუქტიულია მოლაპარაკების წარმოება ხისტი პოზიციით, რადგან ამით მტრულად განაწყობ პარტნიორ ქვეყანას.

განცხადებაში მელაშვილი ამბობს: “მოლაპარაკება რა არის? მოლაპარაკება არის, რომ იწყებ რაღაც საწყისიდან, რაღაც ეტაპიდან, თანხმდები და ნელ-ნელა მიჰყვები ამ ყველაფერს… როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია… როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი, ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს. ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი და არ დაგითმობს არასოდეს. იმ საშუალებას, რაც მანამდე გვქონდა, აფუჭებ, მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას”.

დღევანდელი სხდომის შემდეგ მელაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურა ყველა განცხადების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს და მისი კომენტარი კონტექსტიდან ამოგლეჯილია:

“პროკურატურა ცდილობს, რომ ყველა განცხადება თავისთვის გამოიყენოს, თავის სასარგებლოდ და ყველა კითხვას თავისი პასუხი აქვს. ამოჭრილია [მელაშვილის განცხადება] და ცუდად იყო გაგებული, რომ ვითომ… არა ბატონო, დავითგარეჯა რომ ჩვენია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ისტორიულად, კულტურულად, ეთნოგრაფიულად, ყველანაირად. მაგაზე არ არის საუბარი. მე საუბარი მქონდა მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ხმამაღალი, პოპულისტური განცხადებები ვნებს დელიმიტაციის პროცესს”, – განმარტა მელაშვილმა ჟურნალისტებთან.

ამასთან, სასამართლო პროცესზე მხარეებმა მტიკცებულებების დაუშველბლობასთან დაკავშირებით პოზიციები გაცვალეს. ამის შესახებ კომენტარი გააკეთა ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ.

მისი განცხადებით, ბრალდების მხარე ამბობს, რომ დაცვის მხარეს საერთაშორისო ექსპერტიზის დანიშვნის უფლება არ აქვს, თუმცა მახარაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურის ეს განცხადება ამ ნორმის არაკონსიტუციურობის დამადასტურებელია.

მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით კი, პროკურატურა მიიჩნევს, რომ მხოლოდ ბრალდების მხარეს აქვს უცხოელ ექსპერტებთან ექსპერტიზის დანიშვნის უფლება. მარიკაშვილის განცხადებით, პროკურატურის ეს პოზიცია კანონმდებლობის არასწორი განმარტებაა, რადგან ამ შემთხვევაში შეჯიბრებითობისა და თანასწორობის უფლება დაირღვევა.

კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო სხდომა 16 თებერვლამდე გადაიდო.

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი