ახალი ამბები

ასუსტებს თუ აძლიერებს გუბერნატორების და შსს-ს მაღალჩინოსნების ცვლილება გახარიას?

11 თებერვალი, 2021 • 852
ასუსტებს თუ აძლიერებს გუბერნატორების და შსს-ს მაღალჩინოსნების ცვლილება გახარიას?

საკადრო ცვლილებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და გიორგი გახარიას მიერ გუბერნატორების შეცვლა, ოპოზიციური პარტიების ნაწილის აზრით, მმართველ პარტიაში მიმდინარე დაპირისპირების ნიშანია.

თვითთმართველობის ექსპერტების ნაწილის აზრით, კი, ის ფაქტი, რომ გუბერნატორებად ყოფილი “ძალოვნები” დაინიშნენ, მიანიშნებს მთავრობის მიერ რეგიონალური მმართველობის იდეის უგულვებელყოფაზე.

მთავრობის საკადრო პოლიტიკა რეგიონებში

7 თებერვალს თანამდებობა დატოვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელძღვანელმა კოტე ანანიაშვილმა. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, კოტე ანანიაშვილი მთავრობის რეგიონალური პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა.

გახარიამ განაცხადა, რომ  ანანიაშვილი კოორდინაციას გაუწევდა რეგიონებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან მთავრობის ეფექტიან ურთიერთობას.

„გუბერნატორების კორპუსს ეყოლება ახალი ხელმძღვანელი, ეს გახლავთ კოტე ანანიაშვილი. კოტე ანანიაშვილის ძირითადი ფუნქცია იქნება გუბერნატორების კორპუსის მართვა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის გაძლიერება. ამაზე იქნება კოტე პასუხისმგებელი. თქვენი ძირითადი საყრდენი ყოველდღიური მართვის პირობებში იქნება კოტე“, – განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა.

გარდა აჭარისა, სამხარეო პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები შეიცვალა კახეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში და შიდა ქართლში.

კახეთში თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა ზურაბ ბერიკაშვილმა, რომელიც კახაბერ მურადაშვილმა შეცვალა. მურადაშვილი 2016 წლიდან ამ დრომდე გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. გურიაში იგი ლევან ხარაბაძემ შეცვალა, რომელიც აქამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. სამცხე-ჯავახეთში გურამ ზესაშვილი უხელმძღვანელებს. ამ დრომდე ზესაშვილი მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ილია კვაღინიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე იმავე მხარეში პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.

ჯერჯერობით ახალი სამხარეო ხელმძღვანელები არ დანიშნულა აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციის დეპარტამენტებში საკადრო ცვლილებები მართვის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომელიც პერიოდულად ხორციელდება.

“ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცვლილებების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა, ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი გახარიამ 9 თებერვალს საქართველოს 6 მხარეში დანიშნა პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულები, იგივე გუბერნატორები.

ახალი გუბერნატორები დაინიშნა მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, შიდა ქართლში და გურიაში, ხოლო კახეთსა და სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონებში რწმუნებულებად დაინიშნენ ის პირები, რომლებიც აქამდე ამ მოვალეობის შემსრულებლებლად მუშაობდნენ.

  • რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე იქნება. პარმენ მარგველიძეს, რომელიც 2013-2017 წლებში აღნიშნულ რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული უკვე იყო, საჯარო სამსახურში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს. იგი არაერთი წლის განმავლობაში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში და იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს.
  • შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა. მამუკა საღარეიშვილი 2005 წლიდან შინაგან საქმეთა სამინიტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. იგი 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აგვისტომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდეგ – შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2018 წლის სექტემბრიდან იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2020 წლის აპრილიდან – სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
  • მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას დავით ნოზაძე დაიკავებს. დავით ნოზაძე პროფესიით იურისტია. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში, მათ შორის ასრულებდა სააგენტოს უფროსის მოვალეობას, იყო სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი, უწყების იურისტი, 2004-2010 წლებში კი კერძო სექტორში საქმიანობდა.
  • მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გიორგი სახოკია დაიკავებს, რომელიც დღემდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. მსგავსად მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორებისა, სახოკიასაც აქვს ე.წ. ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება. 2014 წლიდან გიორგი სახოკია მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის – იყო ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი. 2013-2014 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში გუბერნატორებად დაინიშნენ ისინი, ვინც აქამდე მათ მოვალეობას ასრულებდნენ. კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთში – მალხაზ თორია; კახეთში – ირაკლი შიოშვილი.

სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობებზე რჩებიან ქვემო ქართლში – შოთა რეხვიაშვილი; სამცხე-ჯავახეთში – ბესიკ ამირანაშვილი , ხოლო იმერეთში – ზვიად შალამბერიძე.

რას ნიშნავს “ძალოვნები” გუბერნატორებად

“დანიშვნის ეს პრინციპი აჩვენებს, თუ როგორ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ მმართველობას ცენტრალური ხელისუფლება. თუ ევროპის ქვეყნებში რეგიონული ხელისუფლებების მთავარი ამოცანა ეს არის რეგიონების ეკონომიკური განვითარება, ისეთი პროექტების განხორციელება, რომლის გაკეთების საშუალება ფინანსურად არ გააჩნია თვითმმართველობებს, ბუნებრივია, ეს ზედა დონეზე გადადის, ხოლო რეგიონალური ხელისუფლებები ამის კოორდინაციას ახდენენ. საქართველოში რეგიონის მმართველობა წარმოუდგენიათ, როგორც დიდი ხელკეტიანი პოლიციელი, რომელმაც უნდა აკონტროლოს, დააშინოს, მორჩილებაში უნდა ამყოფოს ადგილობრივი თვითთმმართველობა. როდესაც ძალოვანი სტრუქტურებიდან ხდება გუბერნატორების შერჩევა, ეს სწორედ ამის მაჩვენებელია”, – აცხადებს თვითმმართველობის მკვლევარი ირაკლი მელაშვილი.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ხომ არ არის აღნიშნული ცვლილება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის წინასწარი მზადება, ირაკლი მელაშვილი პასუხობს, რომ “ასეთი დანიშვნები ნებისმიერი ვარაუდის საფუძველს იძლევა:

“პირველი შთაბეჭდილება რჩება, რომ გახარია, როგორც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ცდილობს რეგიონების საკუთარი კადრებით დაკომპლექტებას. იგი არ მუშაობდა საქართველოში და არ ჰყავდა ის წრე, რომლითაც შეეძლო, რომ შეევსო საკადრო რესურსები რეგიონებში. შესაბამისად, ერთადერთი საშუალება, რომლითაც მას შეეძლო საკადრო რესურსი შეერჩია, იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო. შესაბამისად, იგი სწორედ ამას იყენებს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო გზაა, რადგან საჯარო სამსახური, გარდა დისციპლინისა და ძალისმიერი მანერებისა, მოითხოვს მათ შორის მოსახლეობასთან და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობას. ძალოვანებს ასეთ ურთიერთობებში შემოაქვთ თამაშის ისეთი წესები, როგორიცაა ჩაკეტილობა, რაც ასუსტებს ხელისულების პოზიციებს”, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას.

“გავრცელდა ჭორები, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გახარიას კადრებს ხსნიდნენ, მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ასეა. ჩემთვის უფრო მარტივად ასახსნელია, თუ რატომ მოიყვანა მან კადრები შსს-დან, რადგან მას სხვა გამოსავალი არ აქვს. გახარიას საკუთარი საკადრო რესურსი არ გააჩნია, შესაბამისად, იგი იყენებს იმას, რაც აქვს”, – მიაჩნია მელაშვილს.

28 იანვარს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებდა, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონდა, ხოლო მსგავსი ცნობები “ჭორები იყო”.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ ათავისუფლებს „გახარიას კადრებს“, — კახა საბანაძეს, ვლადიმერ ბოცვაძეს, — გომელაურმა განუცხადა:

„ჯერ ეს ერთი, საბანაძე და ბოცვაძე მუშაობენ. მეორეც, მინდა გითხრათ, კახა საბანაძე ჩემი კადრი უფროა, ვიდრე გახარიასი. საბანაძე ჩემთან მუშაობდა ხუთი წელი და გახარია როცა დაინიშნა ძალოვან უწყებაში, მერე მთხოვა და „მივეცი“. კოტე ანანიაშვილიც მუშაობს, ჯერჯერობით. 6 წელი ერთად ვმუშაობდით და ჩემი კადრი არ არის და გახარიას კადრია?!”, – ამბობდა მაშინ შს მინისტრი.

შესაძლო დაპირისპირება მმართველ პარტიაში

“გუბერნატორების დანიშვნა მიანიშნებს იმაზე, რომ გახარია სარგებლობს ქართულ ოცნებაში არსებული დაბნეულებით, იმით, რომ პარტიაში ლიდერი ვერ ყალიბდება და თვითონ ცდილობს მაქსიმალურად გაიხანგრძლივოს პრემიერ-მინისტრად ყოფნის დრო.

ეს მას საშუალებასაც მისცემს, რომ მისი შიდაპარტიული კონკურენტები კიდევ უფრო დაასუსტოს, რადგან რაც უფრო დიდი დრო გავა, ეს დადებითად ისარგებლებს გახარიაზე და არა მის წინააღმდეგ, რადგან რეალურად ქართული ოცნების ყველა სხვა წევრის გავლენა ეფუძნებოდა ბიძინა ივანიშვილს გავლენებს, ხოლო მაშინ, როცა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა, მათი გავლენები მცირდება, გახარიასი კი, იზრდება”, – აცხადებს პოლიტიკური პარტია “ტრიბუნის” ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

დავით ჭიჭინაძის განცხადებით, პარტიაში დაპირისპირება “ყველა მიმართულებითაა”.

“მე მგონია, რომ გახარია ქართული ოცნების რიგ დაჯგუფებებს მიანიშნებს, რომ იგი თანამდებობიდან მარტივად არ წავა. გახარიას პრემიერ-მინისტრობიდან მოხსნა, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას ძვირი დაუჯდება. ჩვენ ვხედავთ, რომ საბა საბანაძის მოხსნაზე იყო საუბარი, მაგრამ გახარიამ დაიცვა იგი. ახლა ჯინაზე დანიშნა გუბერნატორები. ამ ადამიანთან მიმართებაში ქართული ოცნების დარჩენილ სახეებს, მათ შორის, კობახიძისა და კალაძის ფრთებს, ძალიან გაუჭირდება. პოლიტიკური მხარდაჭერა გახარიას მაინც მაღალი აქვს და ის ყოველთვის აჯობებს სხვებს”, – მიაჩნია ჭიჭინაძეს.

ჭიჭინაძისთვის გიორგი გახარიას მიერ გუბერნატორების დანიშნვა ნიშნავს იმას, რომ “ის არ დანებდება და მან იგრძნო თანამდებობის შენარჩუნებისა და ძალაუფლების დაბრუნების შანსები”.

განსხვავებით დავით ჭიჭინაძისა, ქართული ოცნების კიდევ ერთი ყოფილი წევრი და ამჟამად პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პარტიაში გიორგი გახარიას პოზიციების გაძლიერებად არ უნდა ჩაითვალოს ის, რომ “გუბერნატორებად ძალოვანი უწყებიდან წამოსული პირები ინიშნებიან”.

“ის, რომ მოქმედი პოლიციისა და ძალოვანი უწყებების დეპარტამენტის უფროსები არიან გადმოყვანილნი ასეთ პოზიციაზე, მე ვფიქრობ, რომ პირიქით, სწორედ ძალოვანმა უწყებებმა მოახდინეს გავლენა ამ გადაწყეტილებაზე.

“გახარია აღარ არის შს მინისტრი, მისი საკადრო ბაზა რატომ უნდა იყოს ძალოვანი უწყებები. ამ ლოგიკით იგი ეკონომიკის მინისტრიც იყო და მაშინ იქედანაც უნდა წამოეყვანა კადრები. ამიტომ არ მგონია, რომ მან ამ შემთხვევაში დამოუკიდებლად იმოქმედა, მე მგონია, რომ ძალოვანი უწყებების გავლენები ძალიან დიდია ამ გადაწყეტილებაში”, – აცხადებს ეკა ბესელია.

“წინ არის ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ მანამდე არის ძალაუფლების შენარჩუნება, მათ ეშინიათ და, ბუნებრივია, მათი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანაში ბუნტი არ დაიწყოს”, – ამბობს ეკა ბესელია ნეტგაზეთთან საუბრისას.


შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 28 იანვარს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ აქვს დაპირისპირება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და ინფორმაციას დაპირისპირების შესახებ „ჭორი“ უწოდა:

„მე და გახარია ვართ უახლოესი ადამიანები, მეგობრები ვართ, ძალიან ახლობლები. ძალიან ბევრი ჭორი იყო და მინდა ვთქვა, რომ არანაირი დაპირისპირება არ არის“, – განაცხადა მან.

ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  სამხარეო დეპარტამენტების უფროსების როტაცია მიღებული პრაქტიკაა და ეს არ უკავშირდება რაიმე შესაძლო დაპირისპირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი