ახალი ამბები

“მუხთარლის გატაცების შემდეგ საქართველო ნაკლებ უსაფრთხო გახდა” — “ფრიდომ ჰაუსის” კვლევების დირექტორი

10 თებერვალი, 2021 • 904
“მუხთარლის გატაცების შემდეგ საქართველო ნაკლებ უსაფრთხო გახდა” — “ფრიდომ ჰაუსის” კვლევების დირექტორი

“ფრიდომ ჰაუსის” კვლევების დირექტორი ნეით შენკანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების შემდეგ საქართველო  ნაკლებ უსაფრთხო გახდა. ამის შესახებ მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ორგანიზაციის ახალ კვლევაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ტრანსნაციონალური რეპრესიების ფაქტებს შეეხება.

“ფრიდომ ჰაუსის” ახალ ანგარშში ის ფაქტებია განხილული, როდესაც ავტორიტარული სახელმწიფოებიდან გაქცეული პირების დევნას ესა თუ ის მთავრობები იმ ქვეყანაშიც აგრძელებენ, სადაც დევნილი პირები თავს აფარებენ.

“ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვესწავლა, როგორ იღებენ მიზანში დიასპორის წარმომადგენლებს და ქვეყნიდან გაქცეულ პირებს ესა თუ ის მთავრობები, რას ნიშნავს დატოვო ქვეყანა, სადაც გავიწროებენ და რისი უფლება გაქვს სხვა ქვეყანაში, როდესაც თავშესაფარს ეძებ. ვნახეთ, რომ ბევრი, ვინც რეპრესიულ გარემოს გაურბის, კვლავ დაშინების და შევიწროების საფრთხის ქვეშაა. ქვეყანა კი, რომელიც დატოვეს, კვლავ ახერხებს მათზე ძალადობას. ასე რომ, ეს კვლევა ნამდვილად არის ჩვენი მცდელობა, რომ ამ ფენომენის გლობალური მასშტაბები აღვწეროთ”, — ამბობს ნეით შენკანი.

ნეით შენკანის თქმით, ტრანსნაციონალური რეპრესიების მეთოდებს შორის ყველაზე აშკარაა პირდაპირ თავდასხმები, რაც მკვლელობებსა და მოტაცებებს გულისხმობს, შემთხვევებს, როცა ამა თუ იმ პირის წარმოშობის ქვეყანა ფიზიკურად იყენებს საკუთარ აგენტებს იმისთვის, რომ ინდივიდს თავს დაესხას სხვა, მასპინძელ სახელმწიფოში.

“მეორე კატეგორია, რომელიც ყველაზე ხშირია და ამასთან, ძალზედ მნიშვნელოვანი, არის ადგილობრივ მთავრობებთან თანამშრომლობა. ეს ძირითადად არის მასპინძელი ქვეყნების გაცურება, მოტყუება იმისთვის, რომ ამ ინსტიტუტებმა იქ მყოფი პირის წინააღმდეგ იმოქმედონ, მათი დაკავების, დეპორატაციის ან თუნდაც მათი გატაცების ფორმით”, — ამბობს ნეით შენკანი.

სწორედ მსგავსი შემთხვევების კვლევაში მოხვდა საქართველოდან აზერბაიჯენელი ჟურნალისტის გატაცებაც. ნეით შენკანის თქმით, მუხთარლის გატაცებამ საქართველოს რეპუტაცია დააზიანა.

“ვფიქრობ, აფგან მუხთარლის გატაცების შემდეგ საქართველო არათუ გამოიყურება ნაკლებ უსაფრთხოდ, არამედ ნაკლებ უსაფრთხო გახდა. როდესაც მთავრობის კრიტიკოსი ხარ, ამგვარი ფიზიკური, კრიტიკული საფრთხის წინაშე აღმოჩნდები და იცი, რომ ვიღაცას ასე დაესხნენ თავს, რა თქმა უნდა, ეს [ამ ადგილს] შენთვის ნაკლებ უსაფრთხოს ხდის. ასე რომ, მუხთარლის გატაცებამ ნამდვილად დააზიანა საქართველოს რეპუტაცია და იმიჯი, როგორც იმ ადგილისა, სადაც დემოკრატიისთვის მებრძოლ აქტივისტებს შეუძლიათ უფრო თავისუფლად იცხოვრონ და განაგრძონ მოთხოვნა იმ დემოკრატიისა, რომელსაც იმსახურებენ”, — ამბობს ნეით შენკანი.


აფგან მუხთარლი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის მიერ დევნილი ჟურნალისტია, რომელიც წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს.

მას რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალი; ბრალდებებს შორის იყო საზღვრის უკანონო კვეთა და 10 000 ევროს უკანონოდ გადატანა. მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მუხთარლი თავიდანვე აცხადებდა, რომ გაიტაცეს და ბრალდებები მოგონილი იყო.

მუხთარლის დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას სდებდა ბრალს გატაცების ხელშეწყობაში. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აზერბაიჯანის ხელისუფლებას მის გათავისუფლებას სთხოვდნენ.

მუხთარლის საქმის შემდეგ, თბილისი თანდათანობით დატოვეს აზერბაიჯანელმა სამოქალაქო/პოლიტიკურმა აქტივისტებმა, რომლებიც ილჰამ ალიევის რეჟიმს აკრიტიკებდნენ.

აფგან მუხთარლის ცოლი, გამომძიებელი ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა, ქმრის გატაცების შემდეგ არსებული რისკების გამო მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გაემგზავრა.

აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ციხიდან 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს.

საქართველო მაინც ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა კავკასიაში – ინტერვიუ აფგან მუხთარლისთან

მასალების გადაბეჭდვის წესი