ახალი ამბები

“უნდათ მოქალაქეები დააშინონ, რაც არ გამოუვათ” – მაქარაშვილი აქციის მონაწილეების მიმართ აღძრულ საქმეებზე

9 თებერვალი, 2021 • 947
“უნდათ მოქალაქეები დააშინონ, რაც არ გამოუვათ” – მაქარაშვილი აქციის მონაწილეების მიმართ აღძრულ საქმეებზე

მოძრაობა “სირცხვილიას” წევრის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, “დაუმორჩილებლობის მარშის” მონაწილეთა ნაწილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზანი მოქალაქეების დაშინებაა.

მაქარაშვილი მიიჩნევს, რომ რეგულაციები, რომლის დარღვევასაც აღნიშნულ პირებს ედავებიან, არაკონსტიტუციურია:

“მიზანია, რომ დააშინონ მოქალაქეები, რაც არ გამოუვათ. ათობით პოლიციელი გვიყურებდა 10-ის 1 წუთზეც, 10-ის ნახევარზეც, 11-ის ნახევარზეც, რამდენიმე ათეული ადამიანი, როგორ ვარღვევდით მათ მიერ მოგონილ რეგულაციებს. ხმაც არ გაუციათ, რაც ნიშნავს, რომ შიგნითაც არ არიან დარწმუნებული იმაში, რასაც აკეთებენ. ჩვენ ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველთან, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან. ქვეყანაში არაერთი წამყვანი იურისტი ჩვენს მხარესაა და, საბოლოო ჯამში, ეს დადგენილებები გამოცხადდება არაკონსტიტუციურად” ,- ამბობს გიგა მაქარაშვილი “ნეტგაზეთთან”

მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ რომელიმე მოქალაქეს საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობის გამო დააკავებენ, თუმცა, თუ ასე მოხდება, ისინი პოლიტიკური პატიმრები იქნებიან:

“ასე უწერიათ, მაგრამ არცერთი ადამიანის დაკავების თავი მათ არ აქვთ, ახალი პოლიტიკური პატიმრები არაფერში სჭირდებათ და თუ დააკავებენ ,ეს კიდევ უფრო მოასწრაფებს მათ აღსასრულს. ციხეში ჩასმის თავი რომ ჰქონოდათ, რამენაირად დააჯარიმებდნენ კიდეც, ამასაც ვერ ახერხებენ. ფოსტის საშუალებით აგზავნიან… ჩემთან პირადად წერილიც არ გამოუგზავნიათ”, – ამბობს გიგა მაქარაშვილი.

აქტივისტის თქმით, ის მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის გამო დააჯარიმეს, ჯარიმას არ გადაიხდიან და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

“დაუმორჩილებლობის მარშის” 19 მონაწილის მიმართ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

მასალების გადაბეჭდვის წესი