ნეტგაზეთი | “გირჩი” ზურაბ ჯაფარიძის მანდატის ათვისებას არ გამორიცხავს “გირჩი” ზურაბ ჯაფარიძის მანდატის ათვისებას არ გამორიცხავს – Netgazeti
RU | GE  

“გირჩი” ზურაბ ჯაფარიძის მანდატის ათვისებას არ გამორიცხავს

“გირჩი” ზურაბ ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლის შემთხვევაში მეოთხე მანდატის ათვისებას არ გამორიცხავს.

ვახტანგ მეგრელიშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიციიდან, სულ მცირე, 13 ადამიანის დარწმუნებას და უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო რეფორმის გასატარებლად პარლამენტში 113 დეპუტატის მობილიზებას შეძლებს, მათ შორის, პარლამენტში შევა ზურაბ ჯაფარიძეც.

“მე მინდა, რომ ზურა ჯაფარიძე შემოვიდეს პარლამენტში. ვერ წარმომიდგენია, რომ ზურა ჯაფარიძე არ შემოვიდეს, თუ “ქართული ოცნება” ამ პირობას [უბარიერო პროპორციულს] დადებს. ზურა ჯაფარიძისთვის ეს იქნება ტესტი, ისევე, როგორც ყველა დანარჩენისთვის იქნება ტესტი, თუ ეს პირობა იდება, ზურა ჯაფარიძეს მორალურად ევალება, რომ შემოვიდეს. ერთ-ერთ კომენტარში მან თქვა, რომ ეს არის როგორც მარსზე ნაკვეთიო. და თუ მარსზე ნაკვეთი მივიღეთ, შემოღობვაში ხომ უნდა დამეხმაროს?!. ჯერ ახსნას, რატომ არ შემოვა ასეთ პირობებზე და მერე მეოთხე ადამიანი ჩვენ გვეკუთვნის”, – თქვა მეგრელიშვილმა.

“გირჩის” პოზიციაა, ნებისმიერი შემდეგი (მათ შორის რიგგარეშე) საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით. “გირჩის” განცხადებით, შეთანხმებას ართულებს ის გარემოება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს ოპოზიციის ერთიანი და ცალსახა პოზიცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ზოგი პარტიისთვის ბარიერია მისაღები, ხოლო ზოგისთვის- ადგილობრივ დონეზე შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება.

„ჩვენ შევთავაზეთ, ჩემი აზრით, სასწაული პირობა – თუ ისინი ამას გააკეთებენ, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მინიმუმ ჩვენ ხომ შევალთ პარლამენტში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ საკითხის გადასაწყვეტად ჩვენი კოლეგები სრული შემადგენლობით, ყველა შემოვიდეს პარლამენტში და ერთად მივიღოთ ახალი კონსტიტუცია“, – განაცხადა “გირჩის” წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

საარჩევნო ბარიერის შეცვლას საკონსტიტუციო უმრავლესობა — 113 დეპუტატის ხმა ესაჭიროება. “გირჩის” 3 წევრის საკანონდმებლო საქმიანობაში ჩართვის შემთხვევაშიც, პარლამენტში მხოლოდ 99 დეპუტატი ეყოლება.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, საარჩევნო სისტემის რეფორმის ფარგლებში მმართველი გუნდი უბარიერო სისტემასაც განიხილავს, თუმცა ამ პოზიციას მყარი არგუმენტაცია დასჭირდება.

“გირჩისგან” გვესმის პირობა, რომ თუკი დავთანხმდებით ნულოვან ბარიერს, ისინი და სხვა პარტიებიც შემოვლენ პარლამენტში. ეს იყო [გაცხადებული] როგორც საჯაროდ, ასევე, პირად საუბრებში”. საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს სხვა პარტიების დამოკიდებულება ამ პირობაზე”, – თქვა მდინარაძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტს მისი მანდატის გაუქმების განცხადებით მიმართა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ კენჭისყრის საფუძველზე ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა. პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის მიერ დეპუტატების მიმართვის საწინააღმდეგოდ მათთვის მანდატების შენარჩუნების გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

საპარლამენტო საქმიანობაში ამ დრომდე არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებები არ დაუწერია “გირჩის” სამ წარმომადგენელს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილს. ისინი პარლამენტში ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად, საერთო სიით მოხვდნენ. გირჩს საარჩევნო სია არ ჩაუხსნია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რომელიმე დეპუტატს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება, მას პარლამენტში საარჩევნო სიაში მყოფი მომდევნო წევრი ჩაანაცვლებს. არჩევნების შემდეგ გირჩი გაიყო, რის შემდეგაც ჯაფარიძემ ახალი პარტია გირჩი – მეტი თავისუფლება დააფუძნა.

ჯაფარიძემ მანდატის შენარჩუნებაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.