ახალი ამბები

ავსტრიაში სკოლის მოსწავლეებმა დეპორტაციის წინააღმდეგ ალიანსი შექმნეს

8 თებერვალი, 2021 • 1119
ავსტრიაში სკოლის მოსწავლეებმა დეპორტაციის წინააღმდეგ ალიანსი შექმნეს

ავსტრიის 50-ზე მეტი სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს ქვეყნიდან სტუდენტებისა და მოსწავლეების დეპორტაციის საწინააღმდეგო ალიანსი.

ალიანსის შექმნა მოჰყვა ქვეყნიდან საქართველოსა და სომხეთის მოქალაქე მოსწავლე გოგოებისა და მათი ოჯახების დეპორტაციასა და თანმდევ საპროტესტო აქციებს.

ქვეყნის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ “გოგონები ავსტრიულ საზოგადოებაში კარგად ინტეგრირებულნი იყვნენ და მიღებული გადაწყვეტილება არადამიანური იყო”.

მოსწავლეთა მიერ შექმნილ ალიანსში გაწევრიანებულნი არიან სკოლები ავსტრიის ფედერალური მიწებიდან, მათ შორის: ვენიდან, ქვემო ავსტრიიდან და ბურგენლენდიდან.

“ჩვენ, დამოუკიდებელ სტუდენტებს გვინდა ნათლად განვაცხადოთ, რომ მხარს არ ვუჭერთ ამგვარ დეპორტაციებსა და მასთან დაკავშირებულ მიზანთროპულ პოლიტიკებს”, – ნათქვამია სტუდენტების ალიანსის მიერ ფედერალური მთავრობისადმი გაგზავნილ წერილში.

გაგზავნილ წერილში სტუდენტები მოითხოვენ, შეიქმნას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე კომისია და ავსტრიის კონსტიტუციაში კიდევ უფრო გაძლიერდეს ბავშვთა უფლებები. “მაგალითისთვის, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს დისკრიმინაციის აკრძალვას, კონფლიდენციალურობის დაცვასა და ბავშვთა ინტერესების გათვალისწინებას”, – ნათქვამია წერილში.

მოსწავლეთა ერთ-ერთი მოთხოვნა, მართალია, მათ მიერ გაგზავნილი წერილისგან დამოუკიდებლად, თუმცა ნაწილობრივ პასუხობს ვიცე-კანცლერის, ვერნერ კოგლერის მიერ ბავშვთა უფლებათა და კეთილდღეობის კომისიის შექმნას. კომისია იუსტიციის სამინისტროში შეიქმნა, ამიტომ არ არის ისეთი მნიშვნელობის, როგორიც, ავსტრიის პარლამენტში შექმნილი მსგავსი ორგანო იქნებოდა.

კომისიას უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად პარტია Neos-ის წევრი, ლიბერალი ირმგარდ გრისი უხელმძღვანელებს.

ავსტრიული Die Presse-ს ცნობით, მოსწავლეების მოთხოვნებს ფედერალური მთავრობის მიერ რაიმე გამოხმაურება არ მოჰყოლია, თუმცა ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია და ლიბერალური პოლიტიკური გაერთიანება “Neos” მხარს უჭერენ გახმიანებულ მოთხოვნებს.

პარტიული დაპირისპირება დეპორტაციის გამო

ავსტრიაში ქართველი და სომეხი მოქალაქეების, მათ შორის არასრულწლოვნების დეპორტაციის საქმე მმართველ კოალიციას შორის პოლიტიკური დაპირისპირების საგანი გახდა. მწვანეთა პარტიის წევრები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ დეპორტაციის პროცესს. ვიცე-კანცლერმა, რომელიც ასევე მწვანეთა პარტიის ლიდერიცაა, მომხდარს “არადამიანური” და “სამარცხვინო” უწოდა.

ავსტრიის მმართველი კოალიციაში შემავალი, ორიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ავსტრიის სახალხო პარტია მიიჩნევს, რომ დეპორტაციის დროს არ დარღვეულა ავსტრიის კანონდმებლობა.

მიუხედავად ამისა, მწვანეთა პარტია არ აპირებს მმართველი კოალიციის დაშლას. მწვანეებმა მხარი არ დაუჭირეს სოციალ-დემოკრატებისა და Neos-ის საპარლამენტო შუამდგომლობას, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციური პარტიები ითხოვნდნენ დეპორტირებული პირების უკან დაბრუნებასა და ქვეყანაში დარჩენის უფლების აღიარებას, ბავშვთა საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე.

ავსტრიული ყოველდღიური გაზეთის, “Österreich-ის” ჩატარებული კვლევით, მმართველი სახალხო პარტია კვლავ ინარჩუნებს მოსახლეობის მხარდაჭერას. მას გამოკითხულთა 39 პროცენტი უჭერს მხარს. მეორე ადგილზეა ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია 24 პროცენტით, მოსახლეობის 15 პროცენტი უჭერს მხარს ავსტრიის მემარჯვენე თავისუფლების პარტიას. Neos-ს გამოკითხულთა 10 პროცენტი უჭერს მხარს, მწვანეებს კი- მხოლოდ 9 პროცენტი.

ავსტრიის სამთავრობო კოალიციაში მემარჯვენე სახალხო პარტია და მწვანეები შედიან. ისინი იდეოლოგიურად სხვადასხვა საწყისებზე დგანან, რის გამოც ავსტრიის მთავრობას “მყიფე ერთობის” ფორმა აქვს. მწვანეებმა განსაკუთრებულ წარმატებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიაღწიეს, თუმცა მათი პოპულარობა თანდათან შემცირდა მთავრობის მიერ მემარჯვენე პოლიტიკის გატარების მხარდაჭერის გამო.

ავსტრიის მოსახლეობის პოზიცია 

იმავე გაზეთის მიერ ჩატარებული კვლევით, მიუხედავად არსებული საპროტესტო მუხტისა, მოსახლეობის უმეტესობა მაინც “სწორად” მიიჩნევს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს.

“მოსახლეობის 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, ნეჰამერის მოქმედება “სრულიად სწორი, ხოლო 28 პროცენტის აზრით, დეპორტაცია “ფუნდამეტურად სწორი” იყო. საბოლოოდ, მოსახლეობის 58 პროცენტი მხარს უჭერს დეპორტაციას, მაშინ როდესაც მხოლოდ 42 პროცენტს მიაჩნია, რომ მოხდარი “არასწორი” იყო.

მოსახლეობის განწყობები შედარებით გამოკვეთილია საიმიგრაციო კანონმდებლობის გამარტივებასთან დაკავშირებით. გაზეთის მიერ გამოკითხულთა 76 პროცენტი კანონმდებლობას გამარტივებას მხარს არ უჭერს.


მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავას აპირებს ავსტრიელი იურისტი ჰეინც მაიერი. მისი განცხადებით, საქართველოში 12 წლის მოსწავლისა და მისი ოჯახის დეპორტაციით დაირღვა ბავშვთა ინტერესები. ქვეყანაში სომეხი და ქართველი მოსწავლეების დაბრუნების მოთხოვნით, შეიქმნა პეტიციაც, რომელსაც უკვე 50 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი