ახალი ამბები

ბრალდებები და გაძევებული დიპლომატები: ბორელის უშედეგო ვიზიტი მოსკოვში

8 თებერვალი, 2021 • 1176
ბრალდებები და გაძევებული დიპლომატები: ბორელის უშედეგო ვიზიტი მოსკოვში

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი, რომელიც რუსეთის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, ბრიუსელში იმედგაცრუებული დაბრუნდა. 7 თებერვალს გამოქვეყნებულ წერილში ის აღნიშნავს, რომ მოსკოვში არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის იყო ალექსეი ნავალნის დაპატიმრება და რიგი სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.

ბორელი საუბრობს “აგრესიაზე”, რომელსაც მოსკოვში გადააწყდა და ევროპელი დიპლომატების გაძევებაზე, რომელიც დროში დაემთხვა მის ვიზიტს. საპასუხო კომენტარი უკვე გაავრცელა რუსულმა სახელმწიფო მედიამ: მოსკოვში არ ეთანხმებიან ბორელის შეფასებებს და აღნიშნავენ, რომ მას სრული თავისუფლება ჰქონდა, რუს კოლეგებთან სასურველ საკითხებზე ესაუბრა.

რა მოხდა?

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით 4-5 თებერვალს იმყოფებოდა. მისია, რომლის გაცხადებული მიზანიც ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება იყო, სრულიად სხვაგვარად წარიმართა.

“დოიჩე ველეს” ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ევროკავშირი “არასანდოდ” მოიხსენია. მისივე თქმით, გერმანიამ და საფრანგეთმა მოსკოვის მიმართ “ამპარტავნობა” გამოიჩინეს, როცა მოსკოვს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმის გასარკვევად საკმარისი ინფორმაცია არ მისცეს.

ლავროვმა ასევე გაიხსენა კატალონიის საკითხი და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა ესპანეთის გადაწყვეტილებებს რეგიონის დამოუკიდებლობის მოსურნეთა მიმართ. გერმანული ტელეარხის ანალიტიკოსის თქმით, ბორელის ტონი “მეგობრული” იყო: მან საერთოდაც არ უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბრალდებების კასკადს.

ხსენებულმა მოვლენებმა იმთავითვე ჩაშალა მისია, როგორც ურთიერთობების ნორმალიზების საშუალება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის: ბორელის ვიზიტის უკანასკნელ საათებში მოსკოვმა ევროკავშირის სამი დიპლომატი გააძევა. მათ ედავებოდნენ აწ უკვე დაპატიმრებული ნავალნის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობას.

“რუსეთმა არ მოისურვა შესაძლებლობის გამოყენება” – ბორელის კრიტიკული წერილი

როგორც ბორელი ვიზიტის შემდეგომ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, ამ ნაბიჯით შეეცადა, შეემოწმებინა, რამდენად არის დაინტერესებული რუსეთის მთავრობა მოსკოვსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების მოწესრიგებითა და ნეგატიური ტენდენციის შეცვლით.

მისივე განცხადებით, მისიის მიზანი ასევე იყო ნავალნის დაპატიმრებისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების დაგმობა, ასევე, დისკუსიების მომზადება ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ფორმატში.

ბორელი “ძალიან კომპლექსურს” უწოდებს 2-დღიან მისიას და მოსკოვს აკრიტიკებს გარემოსთვის, რომელიც ვიზიტის ფარგლებში, მათ შორის, მისი და სერგეი ლავროვის ერთობლივი პრესკონფერენციისას  შეუქმნეს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირის დიპლომატების გაძევების შესახებ შეიტყო მისი ვიზიტის ბოლო საათებში, სოც. მედიის საშუალებით და ლავროვს გადაწყვეტილების შეცვლა სთხოვა, თუმცა, ამაოდ.

“აგრესიულად მოწყობილი პრესკონფერენცია და ჩემი ვიზიტის დროს ევროკავშირის 3 დიპლომატის გაძევება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ მოისურვეს, გამოეყენებინათ ევროკავშირთან უფრო კონსტრუქციული დიალოგის წარმოების შესაძლებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ყოფილა მოულოდნელი, მაინც სამწუხაროა. გავბედავ და ვიტყვი, რომ რუსეთის სტრატეგიული პოზიციიდანაც. როგორც ევროკავშირს, ჩვენ მოგვიწევს შედეგებზე ფიქრი და ყურადღებით დაკვირვება იმ მიმართულებაზე, რომლითაც ჩვენი და რუსეთის ურთიერთობა უნდა წარვმართოთ…” ,- დასძენს ჟოზეფ ბორელი.

“რუსეთი და ევროპა შორდებიან”

ბორელის თქმით, ლავროვთან საუბრისას განხილულ საკითხებს შორის იყო ნავალნის დაპატიმრება, რის გამოც, ზოგიერთ შემთხვევაში, დისკუსიისას დაძაბულობის დონე იზრდებოდა. მისი განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კიდევ ერთხელ შეახსენა ადამიანის უფლებების კუთხით აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და ყოველივე ეს პრესკონფერენციაზეც გაიმეორა.

ამავე ბლოგპოსტის თანახმად, განხილულ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ვითარება მთიან ყარაბაღში, სირიისა და ლიბიის კონფლიქტები და ბირთვული შეთანხმება ირანთან.

ამასთან, ბორელის თქმით, იმსჯელეს პანდემიის კრიზისსა და სხვა სფეროებზე, სადაც საერთო ენის გამონახვა შეიძლება. თუმცა, როგორც მისივე წერილიდან ჩანს, მხარეებს ამ კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ.

“ბრიუსელში დავბრუნდი ღრმა შეშფოთებით რუსული საზოგადოების განვითარების პერსპექტივებთან და რუსეთის გეოპოლიტიკური არჩევანის შესახებ.

ჩემი შეხვედრა მინისტრ ლავროვთან და რუსეთში ვიზიტის დროს ხელისუფალთა მხრიდან გახმიანებული მესიჯები ადასტურებს, რომ ევროპა და რუსეთი შორდებიან.

როგორც ჩანს, რუსეთი სულ უფრო წყვეტს კავშირს ევროპასთან და დემოკრატიულ ღირებულებებს საგარეო საფრთხედ აღიქვამს”, – ვკითხულობთ ჟოზეფ ბორელის წერილში.

დასასრულს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი დასძენს, რომ გამოწვევები აშკარაა და კედელს ამოფარებული პოზიციიდან საუბარი ევროკავშირს მეტ უსაფრთხოებას ვერ მოუტანს. ბორელი ამჯობინებს პირდაპირ და დროულ მოქმედებას:

“ამ საკითხებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად განვიხილავ. როგორც ყოველთვის, წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი იქნება მომდევნო ნაბიჯები და დიახ, ეს შეიძლება იყოს სანქციებიც”.

რას პასუხობენ ევროკავშირს მოსკოვში

რუსეთში “გაკვირვებულნი” არიან ჟოზეფ ბორელის განცხადებებით. ქვეყნის საგარეო უწყება სახელმწიფო მედიას ეუბნება, რომ ჟოზეფ ბორელის წერილში მოცემული შეფასებები მკვეთრად განსხვავდება იმ განცხადებებისგან, რომლებიც მოსკოვში ვიზიტისას გაახმიანა.

უწყების თქმით, ბორელი დროსა და ფორმატში შეზღუდული არ ყოფილა და  ჰქონდა “ყველა შესაძლებლობა”, თავისი შეფასებები სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზეც დაეფიქსირებინა.

“შესაძლოა, ბრიუსელში ჩასვლისთანავე, ევროდიპლომატებმა მას აუხსნეს, როგორ იყო საჭირო აქცენტების დალაგება, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, საიდან და ვის მიერ კეთდება ევროკავშირის პოლიტიკა”, – ამბობს სამინისტრო, რუსეთის სახელმწიფო მედიის მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი