ახალი ამბები

გახელაძის უკანონო პატიმრობა რუსეთის პასუხისმგებლობაა – ომბუდსმენი

7 თებერვალი, 2021 • 1260
გახელაძის უკანონო პატიმრობა რუსეთის პასუხისმგებლობაა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ზაზა გახელაძისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთა ნათლად წარმოაჩენს, — „საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა“.

„წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენით და შესაბამისი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლებოდა, ბოლო პერიოდში გახშირდა გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევები. ამის აშკარა მაგალითია ვაჟა გაფრინდაშვილის, გენადი ბესტაევის, ირაკლი ბებუას და ხვიჩა მღებრიშვილის შემთხვევები“, – წერს ნინო ლომჯარიას უწყება.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობას“.

„აღსანიშნავია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2020 წლის 21 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლი საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე და სწორედ რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევების, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებების გამო“, – წერია 7 თებერვალს გვრცელებულ განცხადებაში.

შესაბამისად, სახალხო დამცველის თანახმად, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაა.

„ამასთანავე, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთთან ერთად, დე ფაქტო ხელისუფლებებსაც ეკისრებათ“, – აცხადებს ის.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადოდ შეფასა საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მორიგი უკანონო ქმედებები. კერძოდ, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ნორვეგიის ელჩმა და აშშ-ს საელჩომ. შესაბამისად, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ შექმნილ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ძალისხმევას არ დაიშურებს ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან უმოკლეს ვადებში გათავისუფლების უზრუნველსაყოფად“, – წერია განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

2021 წლის 5 თებერვალს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გახელაძე დამნაშავედ ცნეს ორივე წაყენებულ ბრალდებაში — სამართალდამცველზე თავდასხმასა და „საზღვრის უკანონო გადაკვეთაში“.

“ჩვენთვის ახლა აღარავის სცალია” – ცხინვალში დაპატიმრებული გახელაძის ცოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი