ახალი ამბები

“გაიხსენეთ, რომ ვარსებობთ” – მუსიკალური პროტესტი შეზღუდვების შემსუბუქების მოთხოვნით

6 თებერვალი, 2021 • 1017
“გაიხსენეთ, რომ ვარსებობთ” – მუსიკალური პროტესტი შეზღუდვების შემსუბუქების მოთხოვნით

6 თებერვალს საქართველოს პარლამენტის წინ კვლავ შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რამდენიმე კვირაა, პანდემიის თანმდევი შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ. მოძრაობა “სოცაფეთქების” მიერ ორგანიზებულ, მუსიკალურ პროტესტს, სხვადასხვა სექტორში დასაქმებული ადამიანები შეუერთდნენ.

გასულ კვირებში ჩატარებული აქციების მსგავსად, პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნებს შორის კვლავ რჩება გადაადგილების შეზღუდვის გაუქმება, სასწავლო და სახელოვნებო სივრცეების გახსნა და ბიზნესის ამუშავება “რეგულაციების დაცვით”.

ანიმატორები აქციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“მოგვეცით მუშაობის საშუალება და აქეთ გადაგიხდით ბიუჯეტში ფულს”

შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორი ალექსანდრე გიორგიძეა, რომელიც წლების განმავლობაში გიდად საქმიანობს. აქციის დაწყებამდე, მეტეხის ეკლესიიდან პარლამენტის შენობამდე თბილისის ტური ჩაატარა და ამ ფორმით კიდევ ერთხელ მოითხოვა, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ტურიზმის ასამუშავებლად.

“…როცა არ არის საკვები ობიექტი, ვერ აჭმევ ტურისტებს, დაკეტილია მუზეუმები… დღეს ტური ჩავატარე და ადამიანები ვერსად შევიყვანე იმიტომ, რომ ყველაფერი დაკეტილია. რაც მთავარია, სანამ კომენდანტის საათი იქნება, არანაირ ტურიზმზე საუბარი არ შეიძლება”, – აცხადებს ის.

 

ალექსანდრე გიორგიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების გეგმა, თებერვალში ნაწილობრივ შეამსუბუქოს შეზღუდვები, “ფასადურია”, ვინაიდან არაერთი რესტორანი, რომელთაც 15 თებერვლიდან მხოლოდ გარე სივრცეში მუშაობის საშუალება ექნებათ, ვერ გაიხსნება:

“რესტორნების 80%-ს გარე ტერასა საერთოდ არ აქვს და ის ვერანაირად ვერ იმუშავებს. თუ იმუშავებს, ზამთარში ეს არის ძალიან რისკიანი, რადგან რესტორანმა უნდა გასწიოს ხარჯები, მზარეულის, მიმტანის ხელფასები და ა.შ. და შეიძლება, ცუდ ამინდში უბრალოდ არავინ მივიდეს და წავიდეს ზარალში.

დღეს კიდევ ერთხელ გამოვხატეთ პროტესტი, რათა გაიგონ, რომ ეს ხალხი ქმნის საქართველოს. ეს ის ხალხია, რომელიც პოზიტიურად აკეთებს ამ ყველაფერს, არავის არაფერს სთხოვს და პირიქით ამბობს: მოგვეცით მუშაობის საშუალება და აქეთ გადაგიხდით ბიუჯეტში ფულს”.

“გაიხსენეთ, რომ ვარსებობთ”

6 თებერვალს ათეულობით რესტორანი გეგმავდა, არ დამორჩილებოდა არსებულ რეგულაციებს და პროტესტის ნიშნად გახსნილიყო.  მთავრობის ზემოხსენებული გადაწყვეტილების შემდეგ, რესტორნების მფლობელებმა აქცია გააუქმეს, თუმცა პროტესტის ამ ფორმას, როგორც თავად ამბობს, ერთ-ერთი გასართობი ცენტრის მფლობელმა, გიორგი მთიულიშვილმა მიმართა.

მთიულიშვილი გასართობი ცენტრების ასოციაციას ხელმძღვანელობს. მისი განცხადებით, თავისი ობიექტი გახსნა და პარლამენტის წინ გამართულ აქციასაც შეუერთდა, რადგან ხელისუფლებისგან ყურადღებას ვერ გრძნობს.

გიორგი მთიულიშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“ამ სფერომ ჯერ კიდევ ვერ გაარკვია, რას ეკუთვნის. სახელმწიფოს რომ ვეკითხებით, ვის ვეკუთვნით, წამოვა თუ არა ჩვენზე სუბსიდირება, გვეუბნებიან, რომ არ ვიცით, ვინ ხართ, რა ორგანიზაცია ხართ… ეს ის ორგანიზაციაა, რომელსაც 8 000 დასაქმებული ჰყავს საქართველოს მასშტაბით.

ამიტომ, რა თქმა უნდა, შევუერთდი დაუმორჩილებლობას, გავხსენი ობიექტი. ვნახოთ, ველოდებით ნაბიჯებს.

აქ არ არის [საუბარი] ობიექტების გახსნაზე… აქ არის იმ ადამიანებზე საუბარი, რომლებიც მშიერი დატოვა ხელისუფლებამ“, – უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

სიტყვით გამოსვლების გარდა, პარლამენტის კიბეებიდან დღეს მუსიკაც ისმოდა. თეა დანელია, რომელიც ჯგუფ “ბანდეროლის” სოლისტია, იზიარებს აქციის ორგანიზატორთა მოთხოვნებს და აღნიშნავს, რომ პანდემიის თანმდევი რეგულაციები მისი და სხვა მუსიკოსების საქმიანობაზეც აისახა:

“ჩვენი მოთხოვნაა, გვქონდეს იმის საშუალება, რომ ვიმუშაოთ და არ გვიწევდეს, ვინმეს დახმარებას ველოდოთ. ძალიან ბევრმა მუსიკოსმა გაყიდა ის ინსტრუმენტები, რომლის საყიდლადაც ბევრი წელი იწვალა და იშრომა… მოგვეცით საშუალება, ვარჩინოთ საკუთარი ოჯახები. ამას ვითხოვთ, მეტს არაფერს”.

თეა დანელია ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, საპროტესტო აქციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

კითხვას, როგორ წარმოუდგენია შეზღუდვების შემსუბუქება რეგულაციების დაცვით, თეა დანელია ასე პასუხობს:

“ვფიქრობ, ყველაფრის გაკეთება არის შესაძლებელი, როდესაც დიალოგია ორ მხარეს შორის. ჩვენ ვერ ვგრძნობთ ჩვენთან დიალოგს. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა.

უბრალოდ, ვიღაც რაღაცას მოიფიქრებს ისე, რომ არ ეკითხება იმ კონკრეტული სფეროს წარმომადგენლებს, როგორ შეეხებათ ეს გადაწყვეტილება მათ, რამდენად დააზარალებს ან არ დააზარალებს…

ჩვენი მოთხოვნაა დიალოგი. ჩვენ ვითვალისწინებთ რაღაცებს და მოდით, თქვენც გაითვალისწინეთ, რომ ვართ. დაგვინახეთ და გაიხსენეთ, რომ ვარსებობთ”.

ცეკვა პარლამენტის წინ, "ბანდეროლის" მუსიკის ფონზე. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“დაუმორჩილებლობის დღე”

6 თებერვალს პარლამენტთან კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი. პროტესტს, სახელწოდებით “დაუმორჩილებლობის დღე” მოძრაობა “სირცხვილია” გეგმავს. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება, რომელიც ხელისუფლებამ დააანონსა, სწორედ საზოგადოების პროტესტის შედეგია, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

“კომენდანტის საათი ძალაში რჩება, კრიზისის მართვის გეგმა ისევ არ არსებობს, ამიტომ საზოგადოების პროტესტი გრძელდება!

ვითხოვთ კომენდანტის საათის გაუქმებას! ვითხოვთ გაუმართლებელი რეგულაციების მოხსნას და კრიზისის მართვის გეგმას!” – აცხადებს მოძრაობა.

“სირცხვილიას” აქცია 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.

რა მსუბუქდება და რა რჩება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქება 8 თებერვლიდან დაიწყება.

რა მსუბუქდება:

  • 8 თებერვალს საქართველოს ყველა ქალაქში, მათ შორის, თბილისში, აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (ეს არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს);
  • 8 თებერვლიდან იხსნება ბაზრობები;
  • 15 თებერვლიდან რესტორნები ღია სივრცეებში შეძლებენ ადამიანთა მომსახურებას;
  • 15 თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში სწავლა განახლდება სკოლების შენობებში.

რა რჩება შეზღუდული:

  • შაბათ-კვირას არ იმუშავებს ტრანსპორტი, სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები, ბაზრობები და კაფეები;
  • კვლავ დაკეტილი რჩება ფიტნესკლუბები, საცურაო აუზები, კინოთეატრები, გასართობი ცენტრები, ბარები, ღამის კლუბები;
  • კომენდანტის საათი კვლავ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გრძელდება;
  • არ იმოძრავებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი;
  • კვლავ აკრძალულია მასშტაბური სარიტუალო ღონისძიებების ჩატარება (ქორწილები, ქელეხები და ა.შ.)

მასალების გადაბეჭდვის წესი