ახალი ამბები

ლიეტუვა ზაზა გახელაძის დაპატიმრებას გმობს

6 თებერვალი, 2021 • 743
ლიეტუვა ზაზა გახელაძის დაპატიმრებას გმობს

ლიეტუვის საგარეო უწყება ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაპატიმრებას გმობს.

უწყების მიერ “ტვიტერზე” გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

“ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის კონტროლირებადი სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს.

ეს არის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აშკარა დარღვევა.

ლიეტუვა კვლავ ერთგულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა.

მანამდე, ზაზა გახელაძის დაპატიმრება ესტონეთის საგარეო უწყებამაც დაგმო. კრიტიკული განცხადებები ასევე გაახმიანეს აშშ-ის საელჩომ საქართველოში და ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.ხრა მოხდა?

რა მოხდა

საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.

გახელაძის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცველებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო დარღვევისა და სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით.

მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს ორივე წაყენებულ ბრალდებაში — სამართალდამცველზე თავდასხმასა და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო და თქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რათა “ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი