ახალი ამბები

აზერბაიჯანში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

5 თებერვალი, 2021 • 1477
აზერბაიჯანში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით დაახლოებით 19:36 საათზე აზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოს არაერთ ქალაქში, მათ შორის, თბილისშიც.

ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა და მისი ეპიცენტრი აზერბაიჯანის ქალაქი განჯიდან 59 კილომეტრით იყო დაშორებული.

სომხური მედიის ინფორმაციით, ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ერევანშიც. ჯერჯერობით უცნობია, მიწისძვრას მოჰყვა თუ არა ნგრევა ეპიცენტრში.

შენიშვნა: სეისმოლოგიური ცენტრების ნაწილი, მათ შორის, ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, მიწისძვრის ეპიცენტრად ასახელებს სომხეთს, სევანის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროს მიმდებარე მხარეს, სომხეთ-აზერბაიჯანის სიახლოვეს. ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით კი ეპიცენტრი აზერბაიჯანის მხარეს, სომხეთის საზღვართან ახლოსაა. ორივე წყაროს მიერ დასახელებული ეპიცენტრი, ფაქტობრივად, ერთ გეოგრაფიულ არეალში, საქართველოს საზღვრიდან, დაახლოებით, 80 კილომეტრში მდებარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი