ახალი ამბები

მიანმარში “ფეისბუქი” დაბლოკეს: პროტესტი ფართოვდება

4 თებერვალი, 2021 •
მიანმარში “ფეისბუქი” დაბლოკეს: პროტესტი ფართოვდება

მიანმარში, სადაც სამხედრო გადატრიალება მოხდა, “ფეისბუქი” დაბლოკეს. ოფიციალური პირები ამ გადაწყვეტილებას ხსნიან”სტაბილურობის” აუცილებლობით. აღნიშნულს წინ უძღოდა გადატრიალების მოწინააღმდეგე აქტივისტთა გააქტიურება სოციალურ ქსელში.

სამხედრო გადატრიალება მიანმარში ორშაბათს, პირველ თებერვალს მოხდა. ქვეყნის არმიამ ხელისუფლებაზე კონტროლი დაამყარა, ქვეყნის ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები კი დააკავა. არმია არ ეთანხმება გასული წლის ნოემბრის არჩევნების შედეგებს, რომელიც დიდი უპირატესობით მოიგო აუნ სან სუ ჩის პარტიამ.

“ფეისბუქი” მიანმარში მილიონობით ადამიანისთვის ინტერნეტთან წვდომის უმთავრესი საშუალებაა. BBC-ის თანახმად, აღნიშნულ სოციალურ ქსელს ქვეყნის 53-მილიოანიანი მოსახლეობის ნახევარი იყენებს და ბევრისთვის “ფეისბუქი” ინტერნეტის სინონიმიც კი არის.

ქვეყნის კომუნიკაციების სამინისტროს ინფორმაციით, ვებგვერდი 7 თებერვლამდე იქნება დაბლოკილი.

ხსენებულ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე, გადატრიალების მოწინააღმდეგე აქტივისტებმა “ფეისბუქზე” შექმნეს გვერდი, რომელსაც  საპროტესტო აქტივობებისთვის საკოორდინაციოდ იყენებდნენ. მრავალმა მოქალაქემ პროფილის სურათზე წითელი სიმბოლოები განათავსა, აწ უკვე გადაყენებული მმართველი პარტიისა და მიანმარის ფაქტობრივი ლიდერის, აუნ სან სუ ჩის მხარდასაჭერად.

აუნ სან სუ ჩი ისევ დაკავებულია: მას ბრალი წაუყენეს

მიანმარის სახელმწიფო კანცლერი აუნ სან სუ ჩი, რომელიც ქვეყნის ფაქტობრივ ლიდერად მიიჩნევა, ორშაბათის შემდეგ დაკავებულია და მისი ადგილსამყოფელიც უცნობია. ზოგიერთი ცნობით, ის შინაპატიმრობაში იმყოფება.

გადაყენებულ ლიდერს სამხედროებმა ბრალიც წაუყენეს: მას ადანაშაულებენ იმპორტისა და ექსპორტის შესახებ კანონების დარღვევაში, ასევე, უკანონო საკომუნიკაციო მოწყობილობის ფლობაში. ქვეყნის პრეზიდენტს კი, რომელიც ასევე დაკავებულია, წინასაარჩევნოდ მხარდამჭერებთან შეხვედრას ედავებიან, რომელიც მათი თქმით, პანდემიის წესების დარღვევით ტარდებოდა.

გადატრიალების შემდეგ არმიამ არაერთი ოფიციალური პირი დააკავა. საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის, აშშ და ევროკავშირის ქვეყნები, მათ გათავისუფლებას მოითხოვს.

მიანმარში დემოკრატიული რეფორმები მხოლოდ გასულ ათწლეულში დაიწყო. მანამდე ქვეყანას სამხედრო ხუნტა მართავდა.

გადატრიალების წინააღმდეგ პროტესტი ფართოვდება

მიანმარის დიდი ქალაქების ქუჩებში სამხედროები პატრულირებენ. გამოცხადებულია კომენდანტის საათიც. ამ ფონზე გადატრიალების პირველმა დღეებმა შედარებით მშვიდად ჩაიარა, თუმცა ბოლო ორი დღის მანძილზე მოქალაქეები სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ არმიის ქმედებებს.

ადგილობრივი მედიის თანახმად, 4 თებერვალს ქუჩის პირველი დემონსტრაციაც გაიმართა: ქალაქ მანდალაიში აქტივისტთა ჯგუფი დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლების მოთხოვნით გამოვიდა. ისინი პოლიციამ მალევე დაშალა.

პროტესტი ქალაქ მანდალაიში, გადატრიალების წინააღმდეგ, ფოტო: EPA

მიუხედავად “ფეისბუქის” დაბლოკვისა, “როიტერის” ცნობით, მომხმარებელთა ნაწილი ალტერნატიული გზებით მაინც ახერხებს სოციალური ქსელით სარგებლობას. გადატრიალების მოწინააღმდეგეთა ნაწილი უკმაყოფილებას აივნებიდან, რკინის ჭურჭლის ხმაურით გამოხატავს.

პროტესტს ათეულობით საავადმყოფოს ექიმებიც შეუერთდნენ: მათმა ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა, ნაწილმა კი უნიფორმებზე არმიისადმი წინააღმდეგობის სიმბოლო – წითელი ბაფთა – დაიმაგრა და ასე განაგრძობს მუშაობას.

პროტესტი ხმაურით, გადატრიალების წინააღმდეგ. იანგონი, მიანმარი 03.02.21 ფოტო: EPA

“გარდიანის” თანახმად, “ფეისბუქზე” ვრცელდება საპროტესტო სლოგანებიც, რომელთა გამოყენებისკენაც მოქალაქეები ერთმანეთს მოუწოდებენ. მათ შორისაა “ვილოცოთ, რომ მიანმარი გათავისუფლდება”, “ვილოცოთ, რომ სამხედროების კონტროლი დასრულდება”.

საერთაშორისო გამოხმაურება და ჩინეთის წინააღმდეგობა

არმიის ქმედებებს კვლავ მწვავედ აკრიტიკებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი. მისი თქმით, ორგანიზაცია ყველა ღონეს იხმარს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებისათვის და მიანმარზე შესაბამისი ზეწოლის განხორციელებისათვის.

გუტიერესის თქმით, მიუღებელია სამხედროების ქმედება არჩევნების შემდეგ, რომელიც, მისი რწმენით, “ნორმალურად ჩატარდა”.

გაეროს უსაფრთხოების საბჭო შესაბამის განცხადებაზეც მუშაობს, რომლითაც გადატრიალება უნდა დაგმოს, თუმცა აღნიშნულს ეწინააღმდეგება  ვეტოს უფლების მქონე ჩინეთი. პეკინს მიაჩნია, რომ ვითარება მიანმარის შიგნით უნდა განიმუხტოს და საგარეო ჩარევა სიტუაციას მხოლოდ გააუარესებს.

საკითხთან დაკავშირებით ცნობილია აშშ-ის პოზიციაც: პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიანმარს სანქციებით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ სამხედროები უკან არ დაიხევენ და დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ.

არჩევნების საკამათო შედეგი – გადატრიალების წინაპირობა

სამხედროები თავიანთი გადაწყვეტილების მიზეზად გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების  “გაყალბებას” ასახელებენ.

აღნიშნულ არჩევნებში სახელმწიფო კანცლერისა და ქვეყნის ფაქტობრივ ლიდერად მიჩნეული აუნ სან სუ ჩის პარტიამ “ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის” გაიმარჯვა და მთავრობის დასაკომპლექტებლად ხმების საკმარისი რაოდენობა მიიღო.

ნოემბრის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამხედროების უკმაყოფილება აქამდეც იყო ცნობილი. არმიის მიერ მხარდაჭერილმა პარტიამ დაბალი შედეგი აჩვენა, აუნ სან სუ ჩის პარტიამ კი- იმაზე უკეთესი, ვიდრე 2015 წლის არჩევნებზე.

ამ კვირაში პარლამენტის პირველი სესია უნდა გამართულიყო და მთავრობა დაეკომპლექტებინათ, რაც ვეღარ მოხდება.

ვინ არის აუნ სან სუ ჩი

მიანმარს 2011 წლამდე – დემოკრატიული რეფორმების დაწყებამდე – სამხედროები მართავდნენ. აუნ სან სუ ჩი, რომელიც ქვეყნის დე ფაქტო ლიდერად მიიჩნევა, მიანმარის დამოუკიდებლობის გმირის, აუნ სანის ქალიშვილია. მამამისი მანამ მოკლეს, სანამ მიანმარი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა 1948 წელს.

აუნ სან სუ ჩი მიანმარში სამხედრო ხუნტის ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებათა აქტიური დამცველი და პაციფისტი იყო. 15 წელი(1989-2010) პატიმრობაში გაატარა. ამავე პერიოდში მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

აუნ სან სუ ჩი

დემოკრატიული რეფორმების პირობებში, 2015 წელს, სუ ჩის პარტია საკანონმდებლო ორგანოში შევიდა და არმიასთან საზიარო მმართველობით 2016 წელს მთავრობა ჩამოაყალიბა.

ბოლო წლების განმავლობაში ნობელის ლაურეატი კრიტიკის ობიექტი გახდა მიანმარში მუსლიმური უმცირესობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მიმართ გულგრილობის გამოჩენისა და არასაკმარისი მოქმედებების გამო. ამის გამო მას არაერთი საპატიო ჯილდო ჩამოართვეს.

მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ქვეყნის სამხედრო ძალების მხრიდან ძალადობა გაერომ ეთნიკურ წმენდად შეაფასა, რომლის დროსაც ქვეყანა 700 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა და თავი ბანგლადეშს შეაფარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი