ახალი ამბები

ჰარცელი ოპოზიციისთვის მანდატების არგაუქმებას “სწორ ნაბიჯად” აფასებს

3 თებერვალი, 2021 • 542
ჰარცელი ოპოზიციისთვის მანდატების არგაუქმებას “სწორ ნაბიჯად” აფასებს

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ოპოზიციის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების არშეწყვეტა სწორი გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ მან დღეს საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ანგარიში წარადგინა.

თუმცა ჰარცელი ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესი რთულად მიმდინარეობს, რადგან მხარეები კონკრეტულ ნაბიჯს არ დგამენ, რაც ფასილიტატორებს დიალოგის მომავლზე აფიქრებს.

“ვფიქრობ, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო. ასევე ვფიქრობ, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება იძლევა შეთანხმების მიღწევის შანსს. ვფიქრობ, არის შესაძლებლობები შეთანხმების მიღწევისთვის. ყველაფერი სხვა იქნება ცუდი მმართველი პარტიისთვის, ოპოზიციისთვის და, რაც მთავარია, ქართველი ხალხისთვის”, — განაცხადა ჰარცელმა.

საქართველოს პარლამენტმა 2 თებერვლის კენჭისყრაზე უფლებამოსილება არ შეუწყვიტა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს, რომლებმაც მანდატებზე უარი პირადი განცხადებით თქვეს.

ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა არ აღიარა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, სანამ ხელახალი არჩევნები არ დაინიშება. მათ პარლამენტსაც მიმართეს მანდატების გაუქმების მოთხოვნით, მაგრამ “ქართული ოცნება” ჯერჯერობით უარს ამბობს მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე.

უმრავლესობას მოვუწოდებ, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება — ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი