ახალი ამბები

“ევროპელი სოციალისტების” და “მოქალაქების” წინააღმდეგ კამპანია საგანგაშოა – თალაკვაძე

3 თებერვალი, 2021 • 698
“ევროპელი სოციალისტების” და “მოქალაქების” წინააღმდეგ კამპანია საგანგაშოა – თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, პარლამენტში შესული ოპოზიციონერების წინააღმდეგ ორკესტრირებული ნეგატიური კამპანია მიმდინარეობს, რაც საგანგაშოა.

“მისასალმებელია, რომ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ — “ევროპელმა სოციალისტებმა” და “მოქალაქეებმა” პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღეს და პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთნენ. თუმცა საგანგაშოა, რომ ამ დღეებში აღნიშნული პარტიების წარმომადგენელთა მიმართ აგრესიული და ორკესტრირებული ნეგატიური კამპანიის მომსწრენი გავხდით რადიკალური ოპოზიციის და მის მიერ კონტროლირებადი მედიის მხრიდან. ეს ნათლად აჩვენებს დემოკრატიის ხარისხს და დამოკიდებულებას განსხვავებული აზრის მიმართ თვითონ ოპოზიციის შიგნით”, – განაცხადა თალაკვაძემ პარლამენტის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე მოხსენებით გამოსვლისას.

თალაკვაძემ გააკრიტიკა ოპოზიცია, რომელიც საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვაზე უარს აცხადებს და თქვა, რომ “კარი ჯერ კიდევ ღიაა”.

“პარლამენტის ბოიკოტირებით მათ საზოგადოებას უთხრეს: დიახ, თქვენ მოგვეცით ხმა, მაგრამ ჩვენ მუშაობა არ გვინდა, თუმცა გვინდა დაფინანსება და მზად ვართ, თქვენი გადასახადები დავხარჯოთ. ეს არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. გვესმის განცხადებები, რომ ცვლილებები საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით უნდა მოხდეს. ეს მიუღებელია — ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ”, – განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა, რომ “ძალადობაზე სახელმწიფოს იგივე რეაქცია ექნება, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულებას აქვს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი