ახალი ამბები

წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გასაჯაროების კანონიერებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის

2 თებერვალი, 2021 • 1645
წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გასაჯაროების კანონიერებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის, შეესაბამება თუ არ კანონს “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გამჟღავნება.

ნიკა გვარამიას ნომერი დღეს, 2 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და პარლამენტის განათლების, მეცნირებისა და კულტურისა კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გაასაჯაროვა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ასევე შეისწავლის, გვარამიას ტელეფონის ნომრის დამუშავებისას სახეზე  იყო თუ არა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა გასაჯაროების საფუძველი.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი არეგულირებს მონაცემთა დამუშავების, მათ შორის, გასაჯაროების საკითხებს. აღნიშნული კანონი, რომლის მიზანი ადამიანის პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების დაცვაა, ამომწურავად ჩამოთვლის იმ შემთხვევებს, როდესაც დასაშვებია პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის, იყო თუ არა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის დამუშავებისას სახეზე ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა გასაჯაროების საფუძველი და შეესაბამება თუ არა კანონს აღნიშნული მონაცემის ასეთი ფორმით არსებობა და გამჟღავნება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი პირი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს სხვისი პერსონალური მონაცემების დაცვას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საქმე მონაცემთა ფართო წრისთვის გასაჯაროებას ეხება”, — ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

“მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან პირდაპირ ეთერში ხმამაღლა გამოაცხადა მისი ნომერი, ტელეფონზე უცნობი ადამიანების ზარები შედის. ამის შესახებ გვარამიამ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე დაწერა.

ამასთან, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გვარამიამ მიმართა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, გამოეხმაუროს აღნიშნულ ფაქტს, თუ რამდენად სწორია უფლებრივად მისი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება.

წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გვარამიას ნომერი ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ გაასაჯაროვა, რომელმაც ამავე სხდომაზე თავისი ნომერი გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი