ახალი ამბები

აწი ნახეთ კრიტიკა ჩვენგან — ელისაშვილი

2 თებერვალი, 2021 • 829
აწი ნახეთ კრიტიკა ჩვენგან — ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” წევრი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ თეა წულუკიანმა თავისი ტელეფონის ნომრის დასახელება ვერ გაბედა.

დღეს, 2 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველად მისულმა ალეკო ელისაშვილმა თავისი ნომერი გამოაცხადა. ელისაშვილის საპასუხოდ კი პარლამენტის განათლების, მეცნირებისა და კულტურისა კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვა.

ელისაშვილმა წულუკიანსა და პარლამენტის სხვა წევრებს მიმართა, რომ თუ ხალხის პრობლემების გაგება სურთ, თავიანთი ნომრები გამოაცხადონ.

“კი, თეა წულუკიანმა ვერ გაბედა დღეს ტელეფონის დასახელება. აბა, გაბედოს! რად მინდა, გვარამიას ტელეფონს რომ მეუბნება, ვიცი გვარამიას ნომერი ისედაც და თუ მჭირდება, ვუკავშირდები. ეს არის, რომ “ქართული ოცნება” მოწყვეტილია ხალხს. ამის სათქმელად ვართ აქ შემოსულები ზუსტად, რომ ხალხის სათქმელის გამხმოვანებლები ვიყოთ და ხალხის პრობლემები ისმოდეს იმ დარბაზში. რაღაც ცინიკური გადაძახილები კი არ იყოს, როგორც დღეს იყო, არამედ ხალხის პრობლემებზე ვლაპარაკობდეთ. ხალხის პრობლემებს ვერასდროს გაიგებ ამ შენობიდან, თუ მართლა შენს ნომერს არ გამოაცხადებ. ეყოთ გამბედაობა და გამოაცხადონ! ჩვენ აქ ვართ ხალხის სამსახურისთვის და უკეთესი საქართველოსთვის”, — განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ალეკო ელისაშვილის თქმით, ამიერიდან მისგან “ქართული ოცნების” მისამართით კიდევ უფრო მეტ კრიტიკას უნდა ველოდეთ.

“აწი ნახეთ კრიტიკა ჩვენგან! ვისაც ჰგონია, რომ “ქართულ ოცნებასთან” შეკრულები ვართ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ ყოველი დღე გამოავლენს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ დამოუკიდებლად. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ “ქართულ ოცნებას” ნებისმიერ დროს მივუთითოთ შეცდომებზე, დანაშაულზე და ამით ეს ქვეყანა წინ წავიყვანოთ”, — განაცხადა ელისაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი