ახალი ამბები

ოცნებამ აღიარა, რომ ერთპარტიული პარლამენტი დისკომფორტს უქმნის – დეკანოიძე მანდატების არშეწყვეტაზე

2 თებერვალი, 2021 • 441
ოცნებამ აღიარა, რომ ერთპარტიული პარლამენტი დისკომფორტს უქმნის – დეკანოიძე მანდატების არშეწყვეტაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნება“ დღევანდელი გადაწყვეტილებით და განცხადებით აღიარებს, რომ ერთპარტიული პარლამენტი დისკომფორტს უქმნის.

„ოცნებამ“ დღეს თქვა, რომ უმრავლესობა ოპოზციის დეპუტატებს საპარლამენტო მანდატებს არ შეუწყვეტს. ამ გადაწყვეტილების გახმიანებამდე მანდატების არშეწყვეტისკენ უმრავლესობას მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც.

„გუშინ ცხადი იყო სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რომ ამას გააკეთებდნენ. ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა და ის მიბმულია სახელისუფლებო სისტემაზე. ჩემთვის ცხადია, რომ მათი აღიარეს, რომ ერთპარტიული პარლამენტი აქვთ. მათ არ უნდათ და შიში აქვთ ერთპარტიული პარლამენტის.

ეს არის ჩემთვის ამის აღიარება და დასტური იმიტომ, რომ აქამდე თუ უნდოდათ გონივრულად მოქცევა, მაშინ უნდა მოსულიყვნენ გონივრული წინადადებებით, რათა პოლიტიკური კრიზისი განმუხუტულიყო. მით უმეტეს, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე.

ეს ნიშნავს, რომ შეეცდებიან გაწელონ დრო… ან საუბარი იმაზე, რომ ვიღაცებს ელაპარაკებიან, ვიღაცების შესვლა უნდათ, ამის სურვილი აქვთ და ეს ნიშნავს იმის დასტურს, რომ რამდენად მძიმეა მათთვის ერთპარტიული პარლამენტი და რამდენად მძიმეა პოლიტიკური კრიზისი“, – ამბობს ნეტგაზეთთან ხატია დეკანოიძე.

გარდა მანდატების საკითხისა, დღეს კობახიძემ ისიც განაცხადა, რომ 20 ოპოზიციურ დეპუტატს პარლამენტში შესვლა სურს. დეკანოიძე ამ განცხადებაზე ნეტგაზეთს განუმარტავს, რომ ოპოზიცია ამ ვითარებაში პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთიანია.

„ვფიქრობ, ეს არის უფრო სურვილი, რომ ხალხში გააჩინონ წარმოდგენა, რომ ვიღაცებს უნდათ შემოსვლა. მაგრამ არ შემოდიან. ეს არის სურვილი, მაგრამ არა რეალური სიტუაცია“, – აცხადებს დეკანოიძე.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ხატია დეკანოიძე ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ოპოზიცია მზადაა, „ოცნების“ კეთილგონიერი წინადადებები მოიწმინოს.

„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ვეთიშებით ამ მოლაპარაკებებს, პირიქით, ველოდებოდით ამ დრომდე, რომ მოვიდოდნენ გონივრული წინადადებით, რაც აქამდე უნდა მომხდარიყო. თუმცა ჯერჯერობით არ მოუტანიათ არავითარი მსგავსი წინადადება.

თუ კეთილგონიერება ეყოფათ, ჩვენ მოვისმენთ ამ წინადადებებს. დროა უკვე, რომ ვადებზე ვისაუბროთ ახალი არჩევნების, ან რაიმე გზაზე, რომელიც მიგვიყვანს ახალ არჩევნებამდე. ფაქტია, რომ 1-2- ოპოზიციონერის შესვლა არ ცვლის საერთო სურათს, რაც არის ერთპარტიული პარლამენტი“, – ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი