ახალი ამბები

აუდიტის სამსახური რესპუბლიკური საავადმყოფოს შესყიდვებში გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს

4 თებერვალი, 2021 • 1369
აუდიტის სამსახური რესპუბლიკური საავადმყოფოს შესყიდვებში გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რესპუბლიკური საავადმყოფოს 2015-2017 წლების შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა. ორწლიანი აუდიტი სხვადასხვა მიმართულებით გამოვლენილ ხარვეზებს მოიცავს, მათ შორის შესყიდვებს.

აუდიტის ინფორმაციით, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულმა საავადმყოფომ 2015-2017 წლებში დაახლოებით 37 მლნ ლარის ღირებულების ათასზე მეტი შესყიდვა განახორციელა, საიდანაც ტენდერით შესყიდვების მოცულობამ 96.5% შეადგინა, ხოლო დანარჩენი − გამარტივებულ შესყიდვაზე მოდის. აუდიტის ჯგუფმა შერჩევით შეისწავლა დაახლოებით 21.7 მლნ ლარის ღირებულების 131 ელექტრონული ტენდერი, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვადასხვა სახის ნაკლოვანებები.

აუდიტის თანახმად, ტენდერის გამოცხადებამდე კლინიკის მენეჯმენტი არ სწავლობდა ბაზარს, რაც იწვევდა დაბალ კონკურენციას, ტენდერების უშედეგოდ დასრულებას და ქმნიდა საბაზრო ღირებულებასთან შედარებით მაღალ ფასად შესყიდვის რისკს.

აუდიტის სამსახურის ცნობითვე,  შესყიდვების გეგმებით განსაზღვრული მოცულობები არ იყო კლინიკის რეალური საჭიროებების შესაბამისი, რის გამოც ტენდერები ცხადდებოდა საქონლის და მომსახურების საჭიროზე მეტი რაოდენობების მოთხოვნით, შესაბამისად, ფაქტობრივი ათვისებები მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა სახელშეკრულებო ღირებულებებს.

“შესწავლილ 131 ტენდერში სახელშეკრულებო ღირებულებების საშუალო ფაქტობრივმა ათვისებამ 48% შეადგინა. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს კლინიკაში შესყიდვების დაგეგმვის პროცესის ნაკლოვანებებსა და კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე”.

შესაბამისობის ანგარიშში ასევე წერია, რომ კლინიკამ დაზუსტების ეტაპზე არსებითად შეცვლილი სატენდერო წინადადებების გამო არ განახორციელა პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია და გააფორმა, ჯამში, 469 538 ლარის ხელშეკრულებები. ამას გარდა, კლინიკამ სატენდერო პირობების დარღვევით, ხუთ შემთხვევაში, კონტრაქტორებს, ჯამში, 50 833 ლარით გაუზარდა ხელშეკრულების ღირებულება.

“2015 წლის დასაწყისში ტენდერების საფუძველზე გაფორმებულ ხუთ ხელშეკრულებაში წლის განმავლობაში შეტანილი ცვლილებებით, ღირებულებები თითოეულ შემთხვევაში გაიზარდა 5%-ზე მეტი ოდენობით, რითაც დაირღვა სატენდერო პირობები. ხელშეკრულებების ღირებულებების 5%-ზე მეტი ღირებულებით ზრდამ, ჯამში, 50 833 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ხუთი შეთანხმებიდან ოთხი გაუფორმდა ერთსა და იმავე კომპანიას. კლინიკამ სატენდერო პირობების დარღვევით, 5 შემთხვევაში, კონტრაქტორებს ჯამურად 50 833 ლარით გაუზარდა ხელშეკრულების ღირებულება.”

კიდევ ერთი საკითხი ეხება კლინიკის დირექტორის ინტერესთა კონფლიქტს, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, კლინიკის მაშინდელმა დირექტორმა, როგორც სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ, 12 შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის მიუხედავად, არ გააკეთა თვითაცილება და მონაწილეობა მიიღო საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვასა და შერჩევა-შეფასებაში. მათ შორის, აუდიტის ცნობით, ოთხ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდნენ ისეთი კომპანიები, რომელთა დირექტორებსა და კლინიკის დირექტორს შორის არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი, “რაც წარმოქმნის არაკეთილსინდისიერი ქმედების რისკს”. ეს კი, აუდიტის სამსახურის ცნობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და 1500- ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

“2015-2016 წლებში გამოცხადებულ 12 ტენდერში მონაწილეობდა და ოთხ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდნენ ისეთი კომპანიები, რომელთა დირექტორებსა და კლინიკის დირექტორს შორის არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი. კერძოდ, ისინი წარმოადგენდნენ ერთი საწარმოს დამფუძნებლებს. მიუხედავად ამისა, არცერთ შემთხვევაში, კლინიკის დირექტორს სატენდერო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით თვითაცილება არ გაუკეთებია”,-წერია შესაბამისობის აუდიტში.

დასკვნაში ასევე მოხვდა  ექოსკოპიის აპარატი, რომლის შესყიდვაზეც რესპუბლიკურმა საავადმყოფომ 10 ტენდერი გამოაცხადა და შესყიდვის სრული პროცესი 22 თვე გაგრძელდა. ტენდერების პარალელურად, ექოსკოპიის აპარატის იჯარით სარგებლობაში კლინიკამ თითქმის 76 ათასი ლარი გადაიხადა. აუდიტის სამსახურის შესაფასებით, აპარატის შესყიდვის პროცედურების დროული დასრულების შემთხვევაში, სავარაუდოდ, შესაძლებელი გახდებოდა მნიშვნელოვანი ოდენობის თანხების დაზოგვა.

“2016 წლის 28 ივნისს კლინიკასა და შპს „კპი-ჯორჯიას“ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება,  რომლის მიხედვით კლინიკას 2018 წლის სექტემბრამდე გადაეცა ექოსკოპიის აპარატი. ყოველთვიური იჯარის ღირებულება შეადგენდა 1,180 ევროს ეკვივალენტს ლარში. მთელი პერიოდის განმავლობაში მეიჯარისათვის ანაზღაურებულია 75 908 ლარი. აღსანიშნავია, რომ ექოსკოპიის აპარატის ღირებულება, იჯარის ხელშეკრულების თანახმად, 51 700 ლარს შეადგენდა.  ექოსკოპიის აპარატით დროებით სარგებლობა წარმოადგენს ჯანდაცვის სფეროს მომსახურების შესყიდვას და საჭირო იყო ტენდერის გამოცხადება”.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციითვე,  საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების პერიოდისთვის კლინიკისა და მეიჯარის დირექტორები წარმოადგენდნენ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ურთიერთდამოკიდებულ პირებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ორივე პირის ჯამური წილი ერთ-ერთ სხვა კომპანიაში 33.2%-ს შეადგენდა. აუდიტის სამსახურის განცხადებით, ამით შესყიდვების შესახებ კანონი დაირღვა.

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომლებიც არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები, თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20%-ია. შესყიდვების კანონმდებლობის მიხედვით კი, ფიზიკურ პირს წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები.

2015-2017 წლებში რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ავთანდილ იმედაძე იყო, რომელიც 2018 წლის სექტემბერში თანამდებობიდან გაათავისუფლეს. საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტის მიხედვით, საავადმყოფოს მაშინდელი მფლობელის “კლინიკების განვითარების კომპანიის” გადაწყვეტილებით, იმედაძე სამი თვით ჩაანაცვლა ლევან გოფოძემ, რომელიც ამ დრომდე იკავებს ამ თანამდებობას. კლინიკების განვითარების კომპანია სახელმწიფო ფონდის “საპარტიორო ფონდის” შვილობილი კომპანია იყო, თუმცა ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავამდყოფოს ფლობს ჯანდაცვის სამინისტროს საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი.

ავთანდილ იმედაძე აუდიტის დასკვნებს აბსურდულს უწოდებს. როგორც ის ნეტგაზეთს ეუბნება, აუდიტის სამსახურს ანგარიშის მომზადების პროცესში მისთვის განმარტებებისთვის არ მიუმართავს. მისივე თქმით, საავადმყოფოში არსებულ ფინანსურ საკითხებზე ასევე ინფორმაცია ჰქონდა “კლინიკების განვითარების კომპანიას” და თუ შესყიდვებში რაიმე დარღვევა იყო, იმედაძე კითხულობს, რატომ არ დაინტერესდა კომპანია და “საპარტნიორო ფონდი” ამ საკითხით. რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი ნეტგაზეთს ეუბნება რომ იმდენად აბსურდული ბრალდებებია, რომ ანგარიში არც წაუკითხავს ბოლომდე.

“შეიძლება, აუდიტის სამსახურმა ხელმძღვანელი ერთხელ არ დაიბაროს ან არ ჰკითხოს წერილობით ან პირადად და ისე გამოაქვეყნო დასკვნა?! ბოლომდე არც წავიკითხე, იმდენი სისულელე წერია. რაღაც ჯარიმებზე წერ და მე არაფერს მეკითხები. ჩემგან მონაცემები არ გაინტერესებს?! შესაძლოა, მათ მონაცემები დამალეს. არც წავიკითხავ მაგ სისულელეს, რაც მანდ წერია. 12-ჯერ ექოსკოპიის [ტენდერი] იმიტომ ჩავშალე… ნახევარი საქართველო მიცნობს, ასევე, ბიზნესმენები.. ერთ აპარატს ვერ ვიყიდდი?!  ჩვენ ვაცხადებდით მაღალი სეგმენტის [ტენდერს] და ჩინური შემოდიოდა, რაზეც მეუბნებოდნენ, რომ არ ვარგა. ორჯერ მოვატანინეთ კიდეც, თუმცა ექოსკოპისტმა ვერ იმუშავა. რომ ჩავშალე 12-ჯერ [ტენდერი], ჯერ არ ვიცი, რა 12-ზეა ლაპარაკი და არც მაინტერესებს. რომ ჩავშალე, მერე პირდაპირი შესყიდვის წესით ვიყიდე?! ვისზეც ამბობენ, ჩემი პარტნიორი არისო, მაშინ არ იყო ჩემი პარტნიორი. საპარტნიორო ფონდი სამი წელი შემოსული იყო, ვისი დაკვეთითაც ეგ არის დაწერილი, ეგენი იყვნენ ხელმძღვანელები და ჩვენ არაფერს ვაკეთებდით. ყოველთვიურ ღებულობდნენ და თუ რამე არასწორი იყო, ეთქვათ. აი, ბატონო ტენდერში ასე არასწორად იყო… თუ არ იყვენენ საქმის კურსში, რაში იღებდნენ მაშინ ხელფასს?! დღე და ღამე იქ რომ ისხდნენ. წერილები არის, დამალული ჰქონდეთ შესაძლოა ეს წერილები, არცერთი შესყიდვა ჩვენ გარეშე არ გააკეთოთო. ჩემი დასკვნა ყველა ნაწილზე არის ერთი და იგივე. რისთვის ვიმართლო თავი?! აბსოლუტური სისულელეა და რატომ უნდა ვიმართლო თავი?!”

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა საპარტნორო ფონდს. როგორც უწყებაში ამბობენ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოკვლევა მათი მიმართვის საფუძველზე დაიწყო, რადგან როგორც სახელმწიფო ფონდში აცხადებენ, ავთანდილ იმედაძეს არა მხოლოდ ტენდერების, არამედ სხვა მიმართულებითაც ჰქონდა ხარვეზები. სააბოლოოდ, ფონდის ცნობით, 2018 წლის 21 სექტემბერს  იმედაძეს წერილობით ეცნობა კლინიკების მართვის კომპანიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ:

“პირველ ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ შ.პ.ს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში მხოლოდ შესყიდვების კუთხით არ იყო დარღვევები.
„საპარტნიორო ფონდისათვის“ არათუ ცნობილი იყო რესპუბლიკური საავადმყოფოში არსებული დარღვევების შესახებ, არამედ სწორედ ფონდისა და მისი შვილობილი კომპანიის „კლინიკების განვითარების კომპანიის” მიერ მოხდა სახელმწიფო აუდიტისათვის თხოვნით მიმართვა, რათა ამ უკანასკნელს დეტალურად შეესწავლა რესპ. საავადმყოფოში არსებული საფინანსო და სამეურნეო საქმიანობაში არსებული დარღვევები”.

„საპარტნიორო ფონდს“ რესპუბლიკური საავადმყოფო გადაეცა 2015 წელს. ფონდის ინფორმაციით, „კლინიკების განვითარების კომპანისათვის, რომელიც ფონდის შვილობილი კომპანია იყო (ამ დროისთვის კომპანიის ლიკვიდაციის პროცესია დაწყებული), ცნობილი გახდა რესბუბლიკურ საავადმყოფოში არსებული პრობლემებისა და ზოგადად საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაში არსებული მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ გარე აუდიტის მიერ მომზადებული დასკვნიდან:

“კლინიკების განვითარების კომპანიამ არაერთხელ მიმართა რესპ. საავადმყოფოს დირექტორს, ა. იმედაძეს, მოეწოდებინა არგუმენტირებული ახსნა -განმარტებები გარე აუდიტის მიერ დაფიქსირებულ დარღვევებსა და ხარვეზებზე. ასევე, ა. იმედაძეს გადაეცა კონკრეტული ღონისძიებების გეგმა, რომელიც მომზადებული იყო კლინიკების განვითარების კომპანიის მიერ და მას, როგორც დირექტორს, დაევალა განეხორციელებინა შესაბამისი ღონისძიებები გარე აუდიტის დასკვნაში აღნიშნული ხარვეზები დროულად გამოსწორების მიზნით და გაცემული რეკომენდაციების თანმიმდევრულად შესასრულებლად. მიუხედავად ამისა, ა. იმედაძის მიერ ხდებოდა როგორც გარე აუდიტის, ასევე კლინიკების განვითარების კომპანიის მოთხოვნათა სრული იგნორირება. უფრო მეტიც, კლინიკების განვითარების კომპანიისთვის არ ხდებოდა მიმდინარე ფინანსური ანგარიშგებების წარმოდგენაც კი. არაერთხელ დაფიქსირდა მის მიერ კლინიკების განვითარების კომპანიის მითითებების არშესრულების ფაქტებიც, რის გამოც კლინიკის საქმიანობა მაღალი რისკების პირობებში მიმდინარეობდა. ვინაიდან ა. იმედაძეს მიაჩნდა, რომ მისი საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მიმდინარეობდა. 2018 წლის 19 სექტემბერს „საპარტნიორო ფონდმა“ მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რათა რესპუბლიკურ საავადმყოფოში განხორციელებულიყო 2013-2017 წლების პერიოდის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი.

როგორც მოსალოდნელი იყო, სახელმწიფო აუდიტის მიერ კლინიკის საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა მრავალი დარღვევები, მათ შორის ის დარღვევები, რომელთა შესახებაც „კლინიკების განვითარების კომპანია” შესაბამისი განმარტებებისთვის მიმართავდა ა. იმედაძეს”,-აცხადებენ ფონდში.

მასალების გადაბეჭდვის წესი