პირველ თებერვალს ახალციხეში მშენებარე ობიექტიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და დაშავდა.
მშენებარე ობიექტის მეპატრონე ზურა დურგლიშვილი ამბობს, რომ ის „კიბიდან ჩამოდიოდა, ჩამოსრიალდა, გადაუბრუნდა ფეხი და იტკინა“.
„რა მოხდა მაგაში საგანგაშო, ვერ გავიგე, მთელი დღეა, ხან პოლიცია მირეკავს, ხან ჟურნალისტები. დაინგრა ქვეყანა თუ რა მოხდა, ვერ გავიგე? არაფერი სჭირს, ადამიანი არის ნორმალურად. მე არც ვიყავი ადგილზე“, – უთხრა მან „ნეტგაზეთს“.
„ევექსის“ რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერი ბესიკ ბურჯალიანი კი ამბობს, რომ დაშავებულს წვივის ძვლები ჰქონდა დამსხვრეული და ოპერაცია გაუკეთეს. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სტაბილურადაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
მუხლი გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.