ახალი ამბები

თუ “ოცნება” კოლეგებს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, ჩვენც ჩავაბარებთ განცხადებებს — “გირჩი”

1 თებერვალი, 2021 • 962
თუ “ოცნება” კოლეგებს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, ჩვენც ჩავაბარებთ განცხადებებს — “გირჩი”

“გირჩი”, რომლის ლიდერებიც ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია არიან, აცხადებს, რომ თუ პარლამენტი ხვალ,  2 თებერვალს ოპოზიციის წარმომადგენლებს სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს, “გირჩის” მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ განცხადებებს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში “გირჩი” “ქართულ ოცნებას” სთხოვს, რომ  ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირონ.

როგორც “გირჩი” ამბობს, პარალელურად, ელჩების შუამავლობით მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი და არცერთი მხარე საჯაროდ არ გამოთქვამს მოლაპარაკების შეწყვეტის სურვილს და არც იღებს პასუხისმგებლობას ჩაშლაზე. მათი თქმით, “ქართული ოცნება”, როგორც მმართველი პარტია, არის მთავარი პასუხისმგებელი საკამათო არჩევნების ჩატარებაზე და შედეგად, განვითარებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე მომეტებული პასუხისმგებლობა მას ეკისრება.
“ჩვენი აზრით, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა შეუქცევადი გახადოს. ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, გვინდა ვთხოვოთ ჩვენს კოლეგებს “ქართული ოცნებიდან”, საქმით აჩვენონ თანამშრომლობის სურვილი. ნუ დაუჭერენ მხარს საკუთარი კოლეგების პარლამენტიდან გაძევებას. გადადონ ამ გადაწყვეტილების მიღება და დატოვონ დრო დისკუსიისათვის, რათა პარლამენტის წევრებმა და მათმა ამომრჩეველმა გაიაზრონ შეთანხმების მნიშვნელობა და შეუთანხმებლობის რისკები, ხოლო საბოლოო მოლაპარაკების რაუნდის წინ ამ რისკების გააზრებით მივიდეთ
თუ მიუხედავად ჩვენი გულწრფელი თხოვნისა, ქართული ოცნება მაინც შეუწყვეტს კოლეგებს უფლებამოსილებას, ამას მივიღებთ ქართული ოცნების მხრიდან მთელ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შეწყვეტის გააზრებულ გადაწყვეტილებად და გირჩის მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს”, — აცხადბს “გირჩი”.
ხვალ პარლამენტში ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული 51 პარლამენტარის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭს უყრიან.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების 55-მა წევრმა საპარლამენტო მანდატების გაუქმების შესახებ განცხადებები დაწერა. მანდატების გაუქმებაზე გაცნხადება არ დაუწერია “გირჩის” სამ წევრს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილს, ასევე, პარტია “მოქალაქეების” წევრებს.
პარლამენტმა ოთხ დეპუტატს “პატრიოტთა ალიანსიდან” უკვე შეუწყდა სადეპუტატო უფლებამოსილება და მათ ნაცვლად პარლამენტში პარტიის საარჩევნო სიის 4 წევრი შევიდა. 29 იანავრს კი ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში პარტია “მოქალაქეების” წევრები — ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანიც შევლენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი