ახალი ამბები

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას თებერვლის შუა რიცხვებიდან, თვის ბოლომდე მივიღებთ – გაბუნია

30 იანვარი, 2021 • 1170
Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას თებერვლის შუა რიცხვებიდან, თვის ბოლომდე მივიღებთ – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველომ მიიღო საბოლოო დასტური და თებერვლის შუა რიცხვებიდან, თებერვლის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას მიიღებს. ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს, 30 იანვარს განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან:

“მივიღეთ საბოლოო დასტური იმის თაობაზე, რომ ქვეყანა თებერვლის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე მიიღებს Pfizer-ის ვაქცინას 29 250 დოზის ოდენობით. პირველი ჯგუფი, რომელიც ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფია და ეროვნული გეგმის მიხედვით განსაზღვრულია, როგორც მთავარი პრიორიტეტი, ეს გახლავთ ჯანდაცვის სფეროს მუშაკები და ამდენად პირველი დოზები სწორედაც მიმართული იქნება მათკენ. AstraZeneca-ს დოზები არის მოსალოდნელი და განსაზღვრული საქართველოსთვის უკვე მალევე, პირველი კვარტლიდან და 300 000-ზე მეტი დოზა უნდა მივიღოთ პირველ და მეორე კვარტალში AstraZeneca ვაქცინის იმისთვის, რომ შემდეგ გაგრძელდეს უკვე პრიორიტეტული ჯგუფების მოცვა”, – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას განმარტებით Pfizer-ის ვაქცინები თბილისის, ბათუმის და ქუთაისის დიდ კლინიკებში გაუკეთდებათ, რადგან ვაქცინის მცირე დოზებიდან გამომდინარე, იმ ადამიანების რაოდენობა შეზრუდულია, ვისაც აღნიშნული ვაქცინის გაკეთება მოუწევს.

მანამდე, დღეს, 30 იანვარს Pfizer-ის ვაქცინის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაავრცელა. მისი თქმით ვაქცინის პირველი დოზები თებერვლის ბოლომდე შემოვიდოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი