ახალი ამბები

ცუდი ბავშვები არ არსებობენ – ინტერვიუ “სელფ-რეგის” მთარგმნელ ნეიროფსიქოლოგთან 

1 თებერვალი, 2021 • 2243
ცუდი ბავშვები არ არსებობენ – ინტერვიუ “სელფ-რეგის” მთარგმნელ ნეიროფსიქოლოგთან 

არ არსებობენ ცუდი ბავშვები, არსებობენ ბავშვები, რომლებიც ჭარბი სტრესის ქვეშ არიან – ეს არის „სელფ-რეგის“ [ინგ.თვითრეგულირება] თეორიის მთავარი ხაზი.

2016 წელს დოქტორ სტუარტ შენკერმა მშობლებისა და მასწავლებლებისთვის ამავე სათაურით გამოსცა წიგნი, რომლის მიხედვითაც ბავშვის ყველაზე გამაღიზიანებელ და რთულ ქცევასაც კი აქვს ახსნა –  ეს კი, როგორც წესი, ჭარბი სტრესია. შესაბამისად, „ცუდი“,  „ზარმაცი“ ან „სულელი“ ბავშვები არ არსებობენ, არამედ არსებობენ ბავშვები, რომლებსაც არასაკმარისი რესურსი მიეწოდებათ.

ქართულად ეს წიგნი კლინიკურმა ნეიროფსიქოლოგმა, ნინო მარგველაშვილმა თარგმნა. ჩვენთან ინტერვიუში ის ყვება, თუ რატომაა საზიანო ბავშვების დაყოფა „ცუდებად“ და „კარგებად“  და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ შვილს ჭარბი სტრესი შეუმციროს.

ბავშვების დაყოფა „კარგებად“ და „ცუდებად“ ახალი არ არის. ძალიან ხშირად გხვდება პოპულარულ კულტურაშიც. საიდან იღებს სათავეს ასეთი მიდგომა?

საუკუნეების მანძილზე არსებობდა შეხედულება, დუალისტური ხედვა, რომ ადამიანი ან არის კარგი, ან არის ცუდი. მისი სიკარგე კი განსაკუთრებით იყო დაკავშირებული მის ხასიათთან, პიროვნულ სიმტკიცესთან – რამდენად შეეძლო ადამიანს, ბავშვი იქნებოდა ეს თუ მოზრდილი, გამოეჩინა თავშეკავება, რამდენად შეეძლო მის სხეულში გამოვლენილი იმპულსების, შეგრძნებების, ემოციების შეკავება. 

რაც უფრო ნაკლებად შეეძლო მათი შეკავება, მით უფრო სუსტად აღიქმებოდა ეს ადამიანი, ითვლებოდა, რომ ასეთი ადამიანი უნდა გამოვწვრთნათ, ვავარჯიშოთ, ვასწავლოთ. თუ არ გამოვა, დავსაჯოთ, კიდევ ერთხელ ვცადოთ, ან გავრიყოთ და ა.შ.

ეს ხედვა დღესაც გამჯდარია და ძალიან დიდ ზიანს აყენებს თითოეულ ადამიანს. მეცნიერულ დონეზე, რაც დაიწყეს თავის ტვინის უკეთ შესწავლა ტექნოლოგიური განვითარების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ როდესაც ადამიანი არის ემოციური, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური სტრესის ქვეშ, რაც უფრო მეტია სტრესული დატვირთვა, მით უფრო რთულია ამ ადამიანისთვის თავშეკავება.

თავის ტვინში ის უბნები, რომლებიც პასუხს აგებენ დაფიქრებაზე, სიამოვნების გადავადებაზე, ხანგრძლივ მიზნებზე და ა.შ. „ითიშება“ და წამყვანი ხდება ქერქქვეშა სტრუქტურები, მეორენაირად „ლიმბურ ტვინს“ უწოდებენ ამ ნაწილს, რომელშიც ეს ძლიერი ემოციები „ცხოვრობს“.

კვლევები გვეუბნება, რომ როდესაც ადამიანს უჭირს თავშეკავება, როდესაც ის იმპულსურად იქცევა, არ დგება ლოგინიდან, ჩაძირულია ტელეფონში ან ეკრანებში – ეს არის სიგნალი მისი ოჯახის წევრებისთვის, რომ ეს ადამიანი არის ჭარბი სტრესის ქვეშ. მისი სხეული ამგვარად ატყობინებს, რომ მას აღარ აქვს საკმარისი ენერგია და გლუკოზა, რომ თავის ტვინის შუბლის წილი ისევ აამოქმედოს, გაააქტიუროს.

მას არ აქვს ის რესურსები და მხარდაჭერა, რაც სხვა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და, შესაბამისად, მისთვის ბევრად უფრო რთულია გააკეთოს ისეთი რაღაც, რაც საზოგადოებაში არის მიღებული ან/და თვითონ უნდა, რომ გააკეთოს, მაგრამ იმ მომენტში ვერ აკეთებს.

ის შეხედულება, რომ ადამიანები არიან კარგები ან ცუდები, ან ასეთებად იბადებიან, მომდინარეობს კიდევ ერთი ხედვიდან, რომელსაც ჰქვია გენეტიკური დეტერმინიზმი. ადრე ითვლებოდა, რომ გენეტიკა ბოლომდე განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას – ის, თუ რა გენეტიკური მოცემულობა ექნება, ის თუ რა მოჰყვება ადამიანს შთამომავლობით, ამის შეცვლა შეუძლებელია. ამით ისაზღვრება მისი მთლიანი ცხოვრება.

ნეირომეცნიერება აქაც გვეუბნება, რომ ეს არის არასწორი შეხედულება და  არა მარტო მცდარია, არამედ უსამართლოც არის. ახალი კვლევები, რომელსაც ეპიგენეტიკა შეისწავლის, ამბობს, რომ იმ გამოცდილებებს, რომლებსაც ადამიანი მიიღებს ცხოვრების განმავლობაში, შეუძლია ჩართოს ან გამორთოს გენეტიკური “ვარიანტები.”

შეიძლება მე გენეტიკურად მქონდეს მიდრეკილება რაღაც ფსიქიკური დარღვევის, მაგალითად, ალცჰაიმერის, მიმართ, მაგრამ მე როგორი გარემო მექნება, მე როგორი მხარდაჭერა მექნება, მე როგორი გამოცდილებები მექნება – ეს გავლენას მოახდენს, ჩემი ეს გენი ჩაირთვება თუ არა.

ასევე, აღმოჩნდა, რომ თავის ტვინი არის ნეიროპლასტიკური – მისი არქიტექტურა, ჩვენი გამოცდილებების მიხედვით, მუდმივად იცვლება.

ბავშვებში ეს ნიშნავს..?

როგორც ვახსენე, ამგვარი შეხედულებების ნაცვლად, სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც ვერ იკავებენ თავს რაღაც სიტუაციაში, როგორც წესი, განიცდიან ჭარბ სტრესს. შესაბამისად, მათ სჭირდებათ ადამიანი, რომელიც უპირველესად, მიხვდება, რომ ისინი არიან ჭარბი სტრესის ქვეშ, შეუქმნიან უსაფრთხო გარემოს, მისცემენ საშუალებას, რომ სტრესის დონე ნელ-ნელა შეუმცირდეს და უკვე ამის შემდეგ შეუძლიათ ისაუბრონ ყველა იმ ღირებულებაზე, რაც ჩვენ გვინდა, რომ ბავშვებს გაუღვივდეთ. იქნება ეს სიკეთის, თანაგრძნობის უნარი თუ სხვა.

თითოეული ბავშვი არის ემპათიის, თანაგრძნობის მომლოდინე. ბავშვის ტვინი ელოდება, რომ განიცადოს, თუ რას ნიშნავს, როდესაც ვიღაცას ესმის შენი. ვიღაც კი არ განგსჯის, არამედ ხედავს, რომ რაღაც პრობლემა გაქვს და ზუსტად ამიტომ ვერ აკეთებ რაღაცას.

და მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც ბავშვის ტვინი იგრძნობს, რომ არსებობს ასეთი სახის ურთიერთობა… მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი, რომ ეს ბავშვი შემდგომ სხვას დაეხმარება გასაჭირში  და იმ სიტუაციაში საკუთარზე მეტად სხვის საჭიროებებს დააყენებს წინ.

რა ზეგავლენას ახდენს ბავშვზე, როდესაც ოჯახში ესმის, რომ ის „ცუდია“?

როდესაც ჩვენ ბავშვს ვეძახით ცუდს, სუსტს, ზარმაცს, უჭკუოს – ნებისმიერი ამგვარი იარლიყი, რომელსაც მას ვაკრავთ, იმის ნიშანია, რომ უფროსებს კარგად არ გვესმის, რა პროცესები მიმდინარეობს ბავშვის განვითარებაში და რა მდგომარეობაში არის ჩვენი შვილი.

ხშირად ეს შეიძლება იყოს რეაქტიული, უბრალოდ, „აფეთქების“ დროს წარმოითქმება ასეთი სიტყვები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ბავშვი იჯერებს ამ იარლიყს და ნელ-ნელა ბავშვი თავად იწყებს „გამართლებას“ ამ ნეგატიური მოლოდინებისა.

მისი ტვინი ხდება ნეგატიურისკენ მიდრეკილი და ბავშვი ყველაფერს აფასებს შავად და თეთრად, მისთვის უკვე მიუწვდომელია დაინახოს ის კომპლექსურობა, ის სხვადასხვა ფერი, რაც ცხოვრებას ახასიათებს. ბავშვის ხედვა იზღუდება.

ზრდასრულობაში ვხვდებით, რომ ცხოვრება უფრო კომპლექსურია, ადამიანები არ იყოფიან კეთილებად და ბოროტებად, რომ ადამიანები ხან ასე ვიქცევით, ხან ისე.

ბავშვებს ჩვენ უნდა ავუხსნათ, რომ ცუდად მოქცევა ნიშნავს, რომ იმ მომენტში გადაღლილები იყვნენ, სტრესის ქვეშ, მათ უნდა დაიბრუნონ ბალანსი. ბალანსის დაბრუნების შემდეგ კი ხაზზე გამოდის შუბლის ის წილი, რომელიც დაეხმარება მას თანაგრძნობაში, მომავალზე ფიქრში, დაგეგმვაში და სხვა.

რამდენიმე დღის წინ დეკანოზმა თადეოზმა ქადაგებისას თქვა, რომ თუ ბავშვი „პარაზიტივით“ იქნა, მაშინ შესაძლოა სჯობდეს კიდეც, რომ ის მოკვდეს. საზოგადოებაში გავლენიანი ადამიანისგან რატომ არის ეს განცხადება პრობლემური?

ადამიანები ძალიან კომპლექსურები ვართ და ჩვენზე უამრავი კომპონენტი მოქმედებს. შესაბამისად, თითოეულ სიტყვას აქვს განსხვავებული და სათუთი გავლენა ადამიანზე.

ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ისტორია ჰქონდა, როგორ ცხოვრობს ახლა ან რა მდგომარეობაშია ის ადამიანი. ამიტომ თითოეული სიტყვა ძალიან ფრთხილად უნდა შევარჩიოთ, რადგან ჩვენ არ ვიცით, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ადამიანზე და რა ფიქრებს აღძრავს მასში.

ადამიანები, რომლებსაც აქვთ იმის პრივილეგია, რომ ესაუბრონ ხალხს და ხალხი მათ უსმენს, კიდევ უფრო მეტად უნდა შეეცადონ, რომ იყვნენ თბილები, გაუგონ სხვა ადამიანებს, არ განსაჯონ სხვა ადამიანების ქმედებები. ადამიანებს, მათ შორის, ბავშვებს, უნდა ახსოვდეთ, რომ რაც უნდა მოხდეს, ყოველთვის არის ჭაობიდან ამოსვლის შესაძლებლობა, ყოველთვის შესაძლებელია დახმარება ითხოვოს და დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რა დროსაც მას სიხარულის განცდა შეეძლება. ამიტომ მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანების როლი, რათა სხვებს შიშის ნაცვლად სიყვარულზე გადაუტანონ ფოკუსი.

გარდა ბავშვების „სიცუდისა“, აქვე იყო განცხადება იმაზე, რომ საერთოდაც, ჯობია ასეთი ბავშვი მოკვდეს. როცა ბავშვს ესმის ამგვარი რამ, რა უნდა იყოს ამაზე სწორი რეაქცია?

ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის ოჯახისა თუ იმ ადამიანების ჩართულობა, რომლებიც ბავშვის გარშემო ტრიალებენ. თუ ადამიანმა, ამ შემთხვევაში ბავშვმა, მოისმინა ასეთი რამ, ჩვენ დრო უნდა დავუთმოთ და განვიხილოთ, რა მოვისმინეთ.

დავიწყოთ საუბარი, შეკითხვა დავუსვათ – როგორ ჟღერდა? რა განცდა იყო შენთვის ემოციურად? სხვაზე კი არ ვილაპარაკოთ – აი, რა საშინელება გააკეთა სხვამ, არამედ მე და ჩემმა შვილმა დავიწყოთ საუბარი და ერთმანეთს დავეხმაროთ, რომ ის, რაც უცბად ჩემს ტვინში დაილექა, ნებსით თუ უნებლიეთ, იმას მივანიჭოთ მნიშვნელობა, განვიხილოთ და ჩვენში დაწყებული პროცესი დავასრულოთ.

მე და ჩემი შვილი, მაგალითად, დავიწყებთ საუბარს – როგორ იმოქმედა შენზე? რა განცდა დატოვა? შენი აზრით, რატომ თქვა ასე?  შეიძლება ბავშვმა სულ სხვანაირად აღიქვა ეს ყველაფერი. სწორედ ეს უნდა გვაინტერესებდეს, მოვისმინოთ ეს ყველაფერი, არ განვსაჯოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება განსხვავებული შეხედულება გვქონდეს ან სხვანაირად აღვიქვით და შემდეგ გავუზიაროთ ბავშვს – აი, მე, მაგალითად, ამ ყველაფერმა ასეთი განცდები და ფიქრები გამიჩინა.

ჩვენ ვეხმარებით სხვადასხვა პერსპექტივების დანახვაში. მე ვამდიდრებ ჩემი შვილის ფიქრებსა და გამოცდილებებს, რასაც ერთად მსჯელობა უწყობს ხელს. ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ სასწავლად და არ გავაკეთოთ იგივე – არ განვსაჯოთ. შვილებს ხედვის გაფართოებაში უნდა დავეხმაროთ.

არსებობენ ბავშვები, რომლებსაც რთული ქცევა აქვთ, რის მიზეზადაც სელფ-რეგის თეორია ასახელებს გადაჭარბებულ სტრესს – რა უნდა ქნას ამ დროს მშობელმა, როგორ მოიქცეს, რომ არც ბავშვი დააზიანოს და თან მისთვის კარგი მაგალითის ჩვენება შეძლოს?

უპირველესად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა იზრუნოს საკუთარ თავზე. აუცილებელია, რომ მშობელმა გაიაზროს და ისწავლოს ამ რთული ქცევების განსხვავებულად შეფასება – რომ ეს ცუდი ქცევა კი არ არის, რომ ეს სტრესული ქცევაა.

სტრესული ქცევა ნიშნავს, რომ ბავშვს ბოლომდე არ ჰქონდა გათვიცნობიერებული, რას აკეთებდა. ეს მისი 100%-იანი არჩევანი არ იყო, არამედ ეს იყო გამოწვეული იმ დისრეგულირებელი [არეული] სისტემებიდან, რომელიც მის სხეულში მიმდინარეობდა სხვადასხვა სტრესების გამო. პირველი ნაბიჯია, რომ მშობელმა ეს დაინახოს. რომ მისი შვილი, თუნდაც რთული ქცევის მომენტში, ცუდი ადამიანი კი არ არის, უბრალოდ, მას უჭირს. ის არის სტრესის ქვეშ და მას სჭირდება დახმარება.

მეორე ნაბიჯია, რომ მშობელმა გამოიკვლიოს ის ფაქტორები, ის სტრესორები, რაც ბავშვში იწვევს ამ ქცევას – რა აცლის მას ენერგიას, რის გამოც მას შემდგომ უჭირს წყნარად მოსმენა ან ჯდომა, ან მეცადინეობა. შემდეგ უკვე მან უნდა შეამციროს ეს სტრესორები.

როდესაც ბავშვი აფეთქდება ან ემოციური ჩავარდნა აქვს, რა უნდა გააკეთოს მშობელმა? – მშობელი უნდა შეეცადოს ბავშვს შეუქმნას უსაფრთხო გარემო.

ამის გაკეთება შეიძლება ასევე სხეულის გამოძრავებით, ჟესტით. ჩვენი მიზანია, რომ ქერქქვეშა სტრუქტურებს, ტვინის იმ უბნებს, რომლებიც ემოციებს აღიქვამენ, მივაწოდოთ სიგნალები, რომ ბავშვის გვერდით არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მას სიმშვიდე გაუზიაროს. უთხრას, რომ აღარ არსებობს საფრთხე, რომ ტვინი დამშვიდდეს. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, სხეულის დაზელვა ან თუნდაც ოთახიდან მაშინ გასვლა, როდესაც ბავშვს მარტო დარჩენა ურჩევნია. უკვე შემდეგ კი, საუბარი – რა არ მოგვეწონა, რა შეიძლება შეიცვალოს და ა.შ.

იმისთვის, რომ მშობელმა ეს გააკეთოს, აუცილებელია, თვითონ არ იყოს ჭარბი სტრესის ქვეშ. მშობელი, რომელიც თავად არის სტრესის ქვეშ, მისთვისაც წამყვანი არის ბრაზი და ემოციები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმება – უფროსებმა, მშობლებმა, მასწავლებლებმა- იზრუნონ საკუთარ თავზე. კეთილი თვალით უყურონ საკუთარ შეცდომებსა და ჩავარდნებს. როგორც კი კეთილი თვალით შეხედავ შენსავე შეცდომებს, სხეული დუნდება, მშვიდდება, ენერგიის აღდგენა იწყება და მერე უკვე უკეთესად შეგიძლია დაფიქრდე, თუ რა შეიძლება გააკეთო ამა თუ იმ სიტუაციაში.

სელფ-რეგის თეორია გულისხმობს, რომ არ არსებობს „ცუდი“, „ზარმაცი“ ან „სულელი“ ბავშვი – რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? როგორ ურთიერთობას მშობელსა და ბავშვს შორის?

„სელფ-რეგში“ უმნიშვნელოვანესი არის მშობლის და ბავშვის ურთიერთობა… არა მხოლოდ მშობლის, არამედ ნებისმიერი უფროსი ადამიანის, რომელთანაც ბავშვს აქვს ურთიერთობა.

„სელფ-რეგის“ მიხედვით, ბავშვსა და მშობელს შორის ჩნდება უხილავი კავშირი, მათი ტვინები ერთმანეთს უკავშირდებიან. ამ ფენომენს „სელფ-რეგში“ ჰქვია „თანაზიარი ტვინი“.

უფროსი ადამიანი არის ის გარე მარეგულირებელი, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს ბავშვს აგზნების რეგულაციაში. აღელვების დროს – დამშვიდებაში, მოთენთილობის დროს – გახალისებაში. ის უფართოებს თვალსაწიერს, ეხმარება ურთიერთობის აგებაში,  გაძლიერებაში, უქმნის უსაფრთხო და სანდო სივრცეს და ა.შ.

მშობელსა და ბავშვს შორის ურთიერთობა არის ფუნდამენტი ბავშვის განვითარების. ის, თუ რა რეაგირება ექნება მშობელს ბავშვის ქცევაზე, განსაკუთრებით, ისეთ ქცევაზე, რომელიც ჩვენ არ მოგვწონს, გავლენას ახდენს, თუ რა ტრაექტორიით წავა ბავშვი მომავალში, აირჩევს ისეთ გზას, სადაც არის მეტი საფრთხე და ხიფათი, მარტოობა და შიში შეცდომების, თუ ბავშვი იქნება ზრდაზე ორიენტირებული ხედვის.

რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუ ჩვენს შვილს მისთვის ავტორიტეტული ადამიანი, იქნება ეს მასწავლებელი თუ სხვა, ეუბნება, რომ ცუდია?

ეს არის ძალიან კომპლექსური თემა. ყევლა შემთხვევა ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა. ბევრად კომპლექსურია. მაგრამ მოკლედ რომ ითქვას, თუ მშობელსა და ბავშვს შორის არის უსაფრთხო კავშირი, სადაც მშობელს შეუძლია ბავშვის დარეგულირება, მაშინ ასეთი სიტუაციები არის უკვე სასწავლო სიტუაციები, სადაც ეს სტრესი, როდესაც სხვა ადამიანი იჭრება ცხოვრებაში, ხდება პოზიტიური.

ნაცვლად იმისა, რომ ჩაძიროს ან შეაჩიროს ბავშვის განვითარება, პირიქით, ხდება ამ მომენტის გამოყენება – რა ვისწავლოთ აქედან, ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ და რა შესაძლებლობა შევქმნათ.

რა თქმა უნდა, მარტივია იმის თქმა, რომ “უი, თუ ვინმე ცუდად ექცევა ჩემს შვილს, მოდი, გამოვიყვან იმ სკოლიდან” – ამ დროს მშობლის მიერ არ არის ბოლომდე გაგებული, რა შიდა პროცესები მიმდინარეობს.

როდესაც ამას „სელფ-რეგით“ უყურებ, შენ ცდილობ სიღრმეში ჩახვიდე, რის გამო ხდება ეს ყველაფერი, რა შემიძლია მე გავაკეთო, რომ ჩემს შვილს ეს სტრესი შევუმცირო. ჩვენ სხვა ადამიანებს ვერ შევცვლით და ვერ გავაკონტროლებთ, თუმცა შეგვიძლია ჩვენი ხედვები და დამოკიდებულებები შევცვალოთ და შემდეგ ახალი შესაძლებლობები შევქმნათ, რომელიც ყველასთვის სასარგებლო იქნება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი