ნეტგაზეთი | რას ფიქრობენ საქართველოში კლიმატის ცვლილებაზე – გლობალური გამოკითხვის შედეგები რას ფიქრობენ საქართველოში კლიმატის ცვლილებაზე – გლობალური გამოკითხვის შედეგები – Netgazeti
RU | GE  

რას ფიქრობენ საქართველოში კლიმატის ცვლილებაზე – გლობალური გამოკითხვის შედეგები

UNDP-ის მიერ Oxford-ის უნივერსიტეტთან თანმშრომლობით მომზადებული კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვენის 1.2 მილიონი მოქალაქე გამოიკითხა, მსოფლიოს 50 ქვეყანაში  მოსახლეობის დაახლოებით ორ მესამედს სჯერა, რომ კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა, რომელიც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.

კვლევაში მონაცემები საქართველოდანაც მოხვდა. კერძოდ, კველვის ავტორების განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია საშუალო შემოსავლის ქვეყნებს შორის, სადაც კლიმატის ცვლილებას გლობალურ პრობლემად აღიარებენ. კერძოდ, საქართველოში შესაბმის კითხვაზე ამგვარი პასუხი გამოკითხულთა 68%-მა დააფიქსირა. საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამხრეთ აფრიკაში (76%), ყველაზე დაბალი კი მოლდოვაში (50%) დაფიქსირდა.  სრულ მონაცემებში კი პირველ სამ ადგილს დიდი ბრიტანეთი (81%), იტალია (81%) და იაპონია (79%) იკავებენ.

ადამიანებს, რომლებმაც კლიმატის ცვლილება გლობალურ პრობლემად აღიარეს, ასევე ჰკითხეს, მხარს უჭერდნენ თუ არა გადაუდებელ, ყოველმხრივ პასუხს მის მოსაგვარებლად, რაზეც მაღალშემოსავლიან ქვეყნებში მეტმა ადამიანმა უპასუხა თანხმობით. რაც შეეხება საქართველოს, ამ წინადადებას გამოკითხულთა 64% დაეთანხმა.

ყველაზე მაღალი მხარდაჭერა შესაბამისი ნაბიჯების დაუყოვნებლივ გადადგმას იტალიაში ჰქონდა (78%) ყველაზე დაბალი კი- რუსეთში (49%).

კვლევის ფარგლებში გამოკითხვის მონაწილეებს ასევე ჰკითხეს, ეთანხმებოდნენ თუ არა, რომ საწარმოებმა ჰაერის დაბინძურებისთვის დამატებითი გადასახადები უნდა იხადონ და მეტი ინფორმაცია გაასაჯაროონ, თუ როგორ ამზადებენ პროდუქციას, რაზეც საქართველოში გამოკითხულთა 51%-მა დამატებით გადასახებს დაუჭირა მხარი, 28%-მა კი მეტი ინფორმაციის ფლობა ისურვა.

კვლევის ავტორების განცხადებით, ამ ნაწილში დამატებით გადასახადების პრაქტიკას ყველაზე დიდი მხარდაჭერა მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების შვიდეულში დაფიქსირდა, მათ შორის ბრიტანეთში (72%) და კანადაში (69%), საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნეში კი აღნიშნულ საკითხს შედარებით მცირე მხადაჭერა ჰქონდა.

მზარდი ექსტრემალური კლიმატური მოვლენების და გლობალური ტემპერატურის ზრდის ფონზე კვლევის ავტორებმა გამოკითხულებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვები. კერძოდ, ადამიანებს ეკითხებოდნენ, როგორ და რა მიმართულებით სურდათ მათ ქვეყნებს გარემოსა და ადამიანების საცხოვრისის დასაცავად განეხორციელებინათ ინვესტიციები.

კვლევის ავტორთა თქმით, მსგავსი ინვესტიციები იყო საინჟინრო ჩარევების მიმართულებით, შესაძლოა ყოფილიყო წყალმოვარდნისგან დამცავი და საირიგაციო სისტემები, გზებისა და შენობების ისეთი ტექნოლოგიით აშენება, რომელიც გაუძლებდა შტორმს. ბუნებრივად გადაჭრის მეთოდებს შორის კი გამწვანება იყო მიჩნეული.

ინფრასტრუქტურის მოწყობა ექსტრემალური კლიმატური მოვლენების თავიდან ასაცილებლად მე-7 იყო გადაჭრის გზებში, რომელსაც ყველაზე მეტმა გამოკითხულმა დაუჭირა მხარი, მათ შორის საშუალო შემოსავლის ქვეყნებს შორის, საქართველოში- გამოკითხულთა 60%-მა, სამხრეთ აფრიკაში- 57%-მა და რუსეთში -51%-მა.

მსგავსი მხარდაჭერა მიიღო ადრეული გაფრთხილების სისტემების მოწყობამ, სამხრეთ აფრიკაში გამოკითხულთა 56%-ის, ფილიპინებში კი 50%-ით მხარდაჭერით.

კვლევის ავტორები ასევე დაინტერესდნენ, თუ როგორი იყო გენდერული განაწილება კლიმატის შესახებ პოლიტიკის მხარდაჭერის კუთხით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საშუალო შემოსავლის ქვეყნების უმეტესობაში ამ საკითხს ძირითადად ქალები უფრო მეტად უჭერდნენ მხარს, ვიდრე კაცები. თუმცა, რაც შეეხება ენერგიის განახლებად ფორმებს, ამ საკითხს უფრო მეტი კაცი უჭერს მხარს, ვიდრე ქალი.

საქართველოს მაგალითზე ყველაზე დიდი სხვაობა გენდერულ ჭრილში სწორედ განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერას ეხებოდა. კერძოდ, მზის ქარის და განახლებადი ენერგიის მიმართულებით პოლიტიკის გაფართოებას კაცების 50% უჭერდა მხარს და ქალების 41%.

 

კვლევის ფარგლებში 1.2 მილიონი ადამინი გამოიკითხა მსოფლიოს 50 ქვეყნიდან და მასზე მუშაობა გაეროს განვითარების პროგრამისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ 2020 წელს დაიწყო. პროექტის მიზანი იყო ადამიანების ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილებასა და მის მიერ წარმოშობილი პრობლემების გადაჭრის გზებზე.

კვლევის ავტორების განცხადებით, მეთოდოლოგია ინოვაციური იყო, რამდენადაც კითხვების დასასმელად გამოიყენეს პოპულარული მობილური აპლიკაციები, მათ შორის, თამაშები. კერძოდ, კვლევის ავტორთა განცხადებით, ისეთ პოპულარულ თამაშებში, როგორიცაა Angry Birds, Dragon City, Temple Run, Subway Surfers და ა.შ. მომხამრებლებს ტრადიციული რეკლამების ნაცვლად კლიმატთან დაკავშირებულ გამოკითხვაში მონაწილეობას სთავაზობდნენ.

ამ მეთოდით კვლევაში მონაწილეობის მისაღებად 30.7 მილიონი ადამიანი მიიწვიეს, საიდანაც 1.4 მილიონი ადამიანი გამოეხმაურათ. აღნიშნულის შემდეგ მონაცემები ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა დახმარებით დამუშავდა. კვლევის ცდომილება საშუალოდ 2%-ს შეადგენს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.