ახალი ამბები

“არადამიანური და უპასუხისმგებლო” – ავსტრიის ვიცე-კანცლერი ბავშვების დეპორტაციაზე

28 იანვარი, 2021 • 1415
“არადამიანური და უპასუხისმგებლო” – ავსტრიის ვიცე-კანცლერი ბავშვების დეპორტაციაზე

ავსტრიის ვიცე-კანცლერი ვერნერ კოგლერი “არაადამიანურსა და უპასუხისმგებლოს უწოდებს” ქვეყნიდან სკოლის მოსწავლეების, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქე გოგოების დეპორტაციის ფაქტს. ინფორმაციას ავსტრიული Wienerzeitung ავრცელებს.

“ფაქტი, რომ საზოგადოებაში კარგად ინტეგრირებული გოგოების დეპორტაცია მოხდა, არის არაადამიანური და უპასუხისმგებლო”, – აცხადებს ვიცე-კანცლერი ვერნერ კოგლერი, რომელიც ასევე ავსტრიის მწვანეთა პარტიის თავმჯდომარეცაა და სამთავრობო კოალიციაში ავსტრიელი ხალხის პარტიასთან – ÖVP ერთად იმყოფება.

გარდა მწვანეთა პარტიისა, მომხდარს კრიტიკულად გამოეხმაურა ოპოზიციაში მყოფი სოციალ-დემოკრატიული პარტია და ლიბერალური გაერთიანება – Neos.

კოგლერის განცხადებით, დეპორტაცია სრულიად არ იყო აუცილებელი.

“თუ შინაგან საქმეთა მინისტრი იტყვის, რომ კონკრეტულ შემთხვევებში მას არ შეეძლო ემოქმედა განსხვავებულად, გამომდინარე კანონის მოთხოვნებიდან, მაშინ მე ვიტყვი, რომ არ არსებობს სავალდებულო იურიდიული ნორმა, განსაკუთრებით კი, პანდემიის დროს, რომელიც სკოლის მოსწავლე გოგონების დეპორტაციას ითვალისწინებს, რომლებიც გაიზარდნენ ავსტრიაში და კარგად არიან საოზგადოებაში ინტეგრირებულნი”, – განაცხადა ვიცე-კანცლერმა.

“თუ ნეჰამერი [კარლ ნეჰამერი შს მინისტრი] იტყვის, რომ მას არ შეეძლო განსხვავებულად მოქმედება კვლავ კანონის ჩარჩოების გამო, მაშინ ეს კანონის ჩარჩოები გადამოწმდება. ამჟამად არსებული კანონები მიიღეს ჩვენი [მწვანეების] თანხმობის გარეშე. ამ კანონების შეცვლას სჭირდება უმრავლესობა, რომლის მიღწევასაც დღიდან ჩვენი დაარსებისა ვცდილობთ, თუმცა ამჟამად ეს არ გაგვაჩნია”, – განაცხადა კოგლერმა.

გოგოების დეპორტაცია პოლიციასთან დაპირისპირების პარალელურად მიმდინარეობდა. საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ მწვანეთა პარტიის წარმომადგენლებიც. მწვანე დეპუტატმა გეორგ ბიურშტაირმა დეპორტაციის პროცედურას “დისპროპორციული” უწოდა და ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას შეადარა. მომხდარი გააკრიტიკა სოციალ-დემოკრატმა პამელა რენდი-ვაგნერმა, რომლის განცხადებითაც მომხდარმა “გააოგნა, როგორც დედა”.

კრიტიკას შეუერთდა ვენის მერიაც. მერმა მაიკლ ლუდვიგმა მომხდარს გაუგონარი უწოდა. ავსტრიის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ საქმეს შეისწავლის. მიუხედავად ამისა, დეპორტაციის პროცესს მხარს უჭერენ ავსტრიის “სახალხო პარტიაში”. პარტიის სპიკერის განცხადებით, გადაწყვეტილება შესაბამისობაშია არსებულ კანონმდებლობასთან.


გუშინ, 27 იანვარს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დააკავეს საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები, რომლებიც, ავსტრიული პოლიციის განცხადებით, წლების განმავლობაში ქვეყანაში უკანონოდ ცხოვრობდნენ.

დღეს, გამთენიისას, ავსტრიული დროით დილის სამ საათზე, საქართველოს 12 წლის მოქალაქე გოგონა და მისი ოჯახი ქვეყანაში ჩამოფრინდა.

ავსტრიის მმართველი კოალიცია “მყიფე ერთობად” ხასიათდება, სადაც ავსტრიის სახალხო პარტია და მწვანეები შედიან, რომლებიც იდეოლოგიურად განსხვავებულ საწყისებზე დგანან.

ავსტრიის მთავრობის ხელმძღვანელი ფედერალური კანცლერია, რომელიც თავისი არსით პრემიერ-მინისტრის პოსტის მსგავსია. გამომდინარე იქიდან, რომ ათწლეულების განმავლობაში ავსტრიას კოალიციები მართავენ, ჩამოყალიბდა პოლიტიკური ტრადიცია, რომ ვიცე-კანცლერი კოალიციაში შემავალი შედარებით მცირე პარტიიდან ინიშნება, ხოლო კანცლერი არჩევნებში გამარჯვებული პარტიის წევრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი